„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია"

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს, ოთარ ძიძიკაშვილს შეხვდა და სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სააგენტოს დაარსებიდან, თითქმის ორი წლის განმავლობაში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობამ საქართველოში 1,7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წლის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 1,8 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, კანონმდებლობა მუდმივად იხვეწება, რაც სააგენტოს გამართულად მუშაობას განაპირობებს.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სააგენტო ანგარიშვალდებულია მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის წინაშე. საქმიანობის შედეგები, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს წარმოადგინა, დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა, სასურველია, მომავალი წლიდან დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. სააგენტოში ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები აქვთ, რომლის განხორციელებაში პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას ვპირდებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.