ენერგოომბუდსმენი - გაზის დეტექტორები სავალდებულო გახდება ყველა ოჯახისთვის, როგორც ძველ ასევე ახალ კორპუსებში

გაზის დეტექტორები სავალდებულო გახდება ყველა ოჯახისთვის, როგორც ძველ ასევე ახალ კორპუსებში, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეტექტორების დამონტაჟება ამავე წელს გახდება სავალდებულო.

„კომპანიები უკვე აღარ იბარებენ კორპუსების შიდა ქსელებს დეტექტორების გარეშე, რაც მომხარებლების უვნებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძველ კორპუსებს ასევე დაევალებათ დეტექტორების დამონტაჟება, რაც შეეხება ამის კონტროლს, შეიქმნება დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ბინაში გაზის დეტექტორის არსებობას. ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და მას განხილვა სამთავრობო დონეზე სჭირდება“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ვარდიაშვილმა დეტექტორების შეღავათიანად შეძენის სისტემის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მომავალში დაინერგება: "ჩვენ ვფიქრობთ დეტექტორების შეღავათიანი შეძენის სისტემაზეც. დეტექტორი შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს მოქალაქეს, ამიტომაც შესაძლოა, ეს მოხდეს კომპანიის მონტაჟის ფარგლებში და შემდგომ კომპანიამ გადაანაწილოს მისი გადახდის გრაფიკი. "

ენერგოომბუდსმენის თქმით, დეტექტორების შეძენა შესაძლებელია თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზიაში, თუმცა ეს უნდა იყოს იმ დონის დეტექტორი, რომ მან არამხოლოდ შეგვატყობინოს და სიგნალი მოგვცეს საფრთხის შესახებ, არამედ საჭიროების შემთხვევაში მრიცხველთან იქონიოს კავშირი და გამორთოს გაზის მრიცხველი.