„არემჯის“ მხარდაჭერით, სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, სამეცნიერო წრეებსა და მძიმე მრეწველობის დარგში მნიშვნელოვან ღონისძიებას გენერალურ სპონსორობას უკვე მეორე წელია კომპანია „არემჯი“ უწევს.

კომპანიის ცნობით, ორდღიანი კონფერენცია გეოლოგიის დარგში მოღვაწე 32 მომხსენებლის გამოსვლას და 10 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, რომელიც 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში იქნება წარმოდგენილი.

წელს კონფერენცია გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ეფექტური გზების მოძიებას ისახავს მიზნად. სწორედ ამ თემებზე გაამახვილებენ ყურადღებას, როგორც ქართველი ასევე კონფერენციაში მონაწილე უცხოელი მომხსენებლები.

„არემჯის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. კომპანია დარგში არსებული სხვადასხვა სახის სამეცნიერო კონფერენციების მთავარი მხარდამჭერია, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტები ყოველ წელს სასწავლო პრაქტიკებს „არემჯის“ საწარმოებში გადიან. წელს კომპანიის დახმარებით თანამედროვე ხელსაწყოებით აღიჭურვება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოების ლაბორატორია, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის 18 სტუდენტი ყოველთვიურად „არემჯის“ მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს „არემჯის“ გუნდი საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის საზეიმო გახსნას დაესწრო. ვფიქრობ, რომ გეოლოგიის დარგის სიძლიერე ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად გვინდა ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელი შევუწყოთ, როგორც პროფესიონალი კადრების გაზრდაში, ასევე შემდგომში მათ დასაქმებაში,“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.