ნავთობის ფასი სავაჭრო ომის გამწვავების ფონზე დაეცა

დღეს ნავთობის ფასი საშუალოდ 2 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა მიანიშნა, რომ შეერთებულ შტატებში საკუთარი იშვიათი წიაღისეულის ექსპორტს შეზღუდავს, რაც სავაჭრო ომში მისი საპასუხო ქმედება იქნება. სავაჭრო ომის ყოველი გამწვავება ქმნის იმის მოლოდინს, რომ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება, რაც ფასის კლებას იწვევს.

ფასის ვარდნას, OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვა და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა ზღუდავს.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფიუჩერსი 1.56 დოლარით, 68.55 დოლარამდე შემცირდა, ამერიკული დასავლეთ ტექსასურის ფასმა კი 1.43 დოლარით, 57.71 დოლარამდე დაიკლო. ბოლო ხუთ თვეში პირველად მოხდა, რომ ორივე მარკის ნავთობის ფასი, თვის განმავლობაში შემცირდა.

იშვიათი წიაღისეულის ბაზარზე, ჩინეთს დომინანტი პოზიცია უკავია. უფრო მეტიც, ის ამერიკული კომპანიების საჭიროების დაახლოებით 80 პროცენტს უზრუნველყოფს. იშვიათი წიაღისეულის სიაში ყველაზე იშვიათი ქიმიური ელემენტი შედის, რომელთა უმეტესობაც, მაღალტექნოლოგიური სისტემების (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) წარმოებისას გამოიყენება.

იშვიათი წიაღისეულის შესაძლო შეზღუდვაზე, ჩინეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ განუცხადებია. მაგრამ ეს თემა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ წამოჭრა, რომელიც როგორც წესი, საორჭოფო სიტუაციებში, მთავრობის აზრს გამოთქვამს ხოლმე.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ქვეყნები, ივნისის ბოლოს შეიკრიბებიან, რა დროსაც, მთავარი საკითხი, გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის შესაძლო გაგრძელება იქნება.