ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - საკრედიტო პორტფელის ზრდა შენელდა

საკრედიტო პორტფელის ზრდა შენელდა და აპრილში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.1% შეადგინა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, ხდება იმ შედეგების შეფასება, რაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებას ახლავს თან და იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო პორტფელის ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება, სებ-ი შესაბამის ზომებს მიიღებს.

ამასთან, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ 2018 წელს რეგულაციების მოლოდინმა დაკრედიტება გაზარდა, ამიტომ ამ წლის საბაზისოდ გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

„იმ შემთხვევაში თუ შევნიშნეთ, რომ დაკრედიტების ზრდის ტემპი დროთა განმავლობაში არის იმაზე დაბალი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამასთან დაკავშირებით ზომების მიღება. მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ესაა 2018 წლის როგორც საბაზისო პერიოდის ფაქტორი, რადგან ვაკეთებთ 2018 წელთან შედარებას, სიფრთხილეა საჭირო, რამდენადაც 2018 წელს მოსალოდნელი იყო რეგულაციები და შესაბამისად, უფრო მაღალი ზრდა ახასიათებდა საკრედიტო პორტფელს, განსაკუთრებით საცალო დაკრედიტების მიმართულებით. ამიტომ, გარკვეულწილად გასულ წელთან შედარებამ შესაძლოა, დაამახინჯოს ის ციფრები, რომლის მიხედვითაც შედარება უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სებ-ის მიერ ხდება არა მხოლოდ მთლიანი სურათის შეფასება, არამედ ეროვნული ბანკი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება იპოთეკური დაკრედიტების და უძრავი ქონებით ოპერაციების მიმართულებას.

„როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს რეგულაციებს, ჩვენ ვაანალიზებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ. უფრო მეტიც, ჩვენ არ ვუყურებთ მხოლოდ საერთო ციფრებს, ამავე დროს ვაკვირდებით როგორ გავლენას ახდენს რეგულაცია სხვადასხვა ჭრილში და როგორ ხდება გამოთავისუფლებული რესურსების გადანაწილება. რადგან პრეტენზიები გამოითქვა ამ მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იპოთეკურ სესხებთან და უძრავი ქონებით ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს,“-განმარტა კობა გვენეტაძემ.

ქვეყნის მთავარი ბანკირის თქმით, დღეს არსებული მიმართულება რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისობაშია არსებულ მოლოდინებთან.