"თბილისის მერიას უნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში სრული „კარტ-ბლანში“ ჰქონდეს კორუფციული სქემების ასამოქმედებლად"

„თბილისის მერიას უნდა, რომ 1 წლის განმავლობაში სრული „კარტ-ბლანში“ ჰქონდეს კორუფციული სქემების ასამოქმედებლად, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. საკანონდებლო ორგანოში ამ წუთებში პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული რეგულაციების გადავადება ხდება.

მისი განცხადებით, საკომიტეტო მოსმენისას მერიის წარმომადგენელთა განცხადებების შედეგად გაირკვა, რომ თბილისის გენგეგმა შეუსაბამობაშია ე.წ. მშენებლობის კოდექსთან. როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ის ვიცე - მერის ირაკლი ხმალაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.

„მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, რასთან გვაქვს საქმე. დაახლოებით 1 წლის წინ მივიღეთ კანონი და ამაში დიდი შრომა ჩაიდო. დაახლოებით 12 წელია ამ კანონის იდეაზე მიდის მსჯელობა, საბოლოოდ ჩამოყალიბდა მშენებლობის კოდექსად. დღეს მოცემულობა გვაქვს ასეთი: 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს კანონი და შევიდეს ძალაში. 1 კვირით ადრე ისე, რომ ეჭვიც არ შეპარვიათ, ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თავისი თავი ამოაგდოს ამ კანონიდან, გავიდეს კანონს მიღმა და ამ კოდექსის მოქმედება თბილისზე არ გავრცელდეს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოსმენის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შეგვძრა, ეს იყო მერიის ფუქსავატობა, საკითხის გაწელვა, პარლამენტის იმედად ყოფნა, ხელფასების ტყუილად აღება, გარკვეულ მიმართულებებში ჩავარდნა და ყველაზე საოცარი, რასაც თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს - თურმე ქალაქმა გენგეგმა მიიღო, რომელიც შეუსაბამობაშია კოდექსთან. ანუ თვითმმართველობის ორგანოს მიღებული აქვს კანონქვემდებარე აქტი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მთავარ კანონთან. ანუ უკანონო აქტი აქვს ქალაქს მიღებული.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ თვითმმართველობამ არც ჩათვალა საჭიროდ, რომ წინადადების გზით წასულიყო, შემოსულიყო კანონპროექტი, დაგვეწყო მსჯელობა. რეალურად არ ვიცით, რატომ უნდა გადავუვადოთ 1 წლით ქალაქის მერიას აღნიშნული კოდექსის გავრცელება თბილისის მასშტაბზე. თბილისის მერიას უნდა, რომ 1 წლის განმავლობაში სრული „კარტ-ბლანში“ ჰქონდეს კორუფციული სქემების ასამოქმედებლად“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ზაზა გაბუნია წარადგენს, მოიცავს ცვლილებებს, რომელიც ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. პროექტით კი, თბილისის მერიისთვის ამჟამად მოქმედი რეგულაციები უნდა შენარჩუნდეს და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედდება 2020 წლის სექტემბრისათვის გადავადდეს. ამასთან, ახალი ინიციატივით, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს მოიცავს, იურიდიულ ძალას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ინარჩუნებს.

ცვლილებების არგუმენტად მითითებულია ის, რომ მერიამ ნორმატიული აქტების ახალ მშენებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრო.