წინანდალში, კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება

წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება. ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფორუმი, რომელიც 2019 წლის 30 მაისს გაიმართება, პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელებენ.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმის სამუშაო სესიებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში. ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნება.