„სამართალდამცავთა ნაწილი ტექდათვალირების გავლისას ინსპექტორებისგან დადებითი დასკვნის გაცემას მოითხოვს“ - ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კვლევის ფარგლებში ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში გარკვეული მანიპულაციები და კორუფციის რისკები გამოიკვეთა. მათ შორის, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ასევე ხშირია ინსპექტირების გასავლელად ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე ავტონაწილების და აღჭურვილობის (საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) თხოვება-ქირაობის ფაქტებიც.
ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დამატებით, კვლევისას გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მცდელობებიც. კერძოდ, ზოგიერთი მათგანი ინსპექტორებისგან ითხოვდა და რიგ შემთხვევებში მოითხოვდა, მათ კუთვნილებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების დადებითი შედეგის გაცემას.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.