„საქართველოში ფულის მასა ეკონომიკის მოცულობაზე 5-ჯერ ნაკლებია, სწორედ ეს არის ყველაფრის თავი და თავი"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

- ბატონო დემურ, ლარის გაუფასიურება აქტუალური თემაა და გვინდა თქვენგან მოვისმინოთ რა სჭირს ლარს?

- ლარის დღევანდელი კურსის მდგომარეობას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ლარის კურსი იმ ეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს უკავშირდება, რაც არის დღეს საქართველოში. არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა იმის აღიარება, რომ ფულის მასის, ე.წ. m2 აგრეგატი შეუთავსებელია ქართული ეკონომიკის მოცულობასთან.

მსოფლიოს ყველა ქვეყნების ეკონომიკაში, ეკონომიკა რა მოცულობისაცაა, სახელმწიფოც იმავე ღირებულებებში იმავე თანხით ემსახურება მას. თუ ამა თუ იმ ქვეყნის მშპ 100 მილიონია, იმავე ქვეყნის 100 მილიონის ვალუტა ემსახურება. საქართველოში ფულის მასა ეკონომიკის მოცულობაზე 5-ჯერ ნაკლებია. სწორედ ეს გახლავთ ყველაფრის ავადმყოფობა და ყველაფრის თავი და თავი.

ამიტომ არის დოლარიზაციის უსაშველოდ მაღალი პროცენტი, ამიტომ არის მოთხოვნის ოდნავ შეთამაშებისა და ლარის კურსის გაუგონარი ამპლიტუდით რყევა. ეს არ არის საბაზრო რყევა. ეს არის რყევა, გამოწვეული ფუნდამენტური პრობლემებიდან.

გარდა ამ მაჩვენებლისა, მხედველობაში მაქვს მშპ-სა და მ2-ის შეუთავსებლობა, არის მეორე პრობლემა: ლარის კურსი, ქართული ეკონომიკის ძალასა და მოცულობასთან შედარებით, ძალიან მაღალი, უზარმაზარი კურსია. იგი აშკარად არ შესაბამება არც ქვეყნის ეკონომიკას და არც ფინანსურ მდგომარეობას.

აქედან გამომდინარე, ხელოვნური მცდელობა ლარის არსებული კურსი ხანგრძლივი დროით შენარჩუნდეს, განწირულია მარცხისათვის. ამას კი ჩვენ უკვე მერამდენე წელია ვუყურებთ. ამ ფუნდამენტური ამბების გარდა კიდევ არის სხვა მიზეზებიც.

- კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის გაუფასურებას?

- უპირველესად დავასახელებდი ექსპორტისა და იმპორტის განუსაზღვრელად დიდ დისბალანსს. იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანას არ გააჩნია უცხოური ვალუტის შემოსავლის მყარი წყაროები. იგი დამოკიდებულია ჩვენი ემიგრანტების გზავნილებზე.

რაც შეეხება ქართულ ექსპორტს, ამდენი წელი გავიდა და საქართველოს მთავრობა 30 წელი ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამას სჭირდება საკუთარი კონკურენტუნარიანი რესურსების განვითარება და ექსპორტის წილის გაზრდა. ანუ ის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია, ან ცუდად შეგვიძლია, რა თქმა უნდა, იმას ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ.

გარდა ამისა, კიდევ არის მეოთხე ფუნდამენტური პრობლემა. ეს არის კონკურენციის არარსებობა, სახელმწიფო შესყიდვების მახინჯი სისტემა, სადაც პრივილეგირებული ფირმები, რომლებიც ფაქტობრივად, სახელმწიფოს ეკონომიკაზე უმძლავრესი გავლენის მქონე არიან. ხდება სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე კერძო ინტერესების გათვალისწინება.

- ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს - რომ არა საპენსიო ფონდის დაგროვებითი სქემა, ლარი 2,8-ზე მეტად იქნებოდა გაუფასურებული. თქვენც ასე თვლით?

- საქმე იმაშია, რომ ეს ფული ჯერ არ მუშაობს. იგი დევს ბანკებში და ბანკები მათ როგორც რესურსს ისე იყენებენ. ვერანაირი გავლენის მოხდენა ლარის კურსზე ამ ფულს არ შეუძლია.

საპენსიო ფონდმა ხელი შეუწყო ბანკების ლიკვიდურობის გაძლიერებას. ახლა მათ შეუძლიათ აღარ ისესხონ ეროვნული ბანკიდან, ვინაიდან აქვთ ფულის მასის გარკვეული, შეიძლება ითქვას უფასო რესურსი. ანაც მათ ის მიზერული პროცენტი ერიცხებათ, რომელიც ჩვეულებრივ ბანკებს ახასიათებს.

მათ მიერ გაცემულ საპროცენტო განაკვეთებსა და იმ პროცენტებს შორის, რომელსაც ისინი ანაბრების მფლობელებს უხდიან, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს არ არის ბანკების ბრალი, რადგან ბანკები კერძო სტრუქტურებს წარმოადგენენ და ცხადია, მოგებაზე მუშაობენ.

კერძო ბანკების პრივილეგირებული მდგომარეობა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკის ბრალია. უფრო სწორად ის წყალ-წყალა, უაზრო ნეოლიბერალიზმია, რომელიც თვლის რომ ბაზარში არავინ არ უნდა ერეოდეს და ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს. ეს კი პოლიტიკურ დონეზე არის უტვინობა, ხოლო პროფესიულ დონეზე არის უვიცობა.

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ საშინაო პოლიტიკაში პროცესები საკმაოზე მეტად დაჩქარებულია. როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით იმას, რაც საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება?

- შიდა პოლიტიკური პროცესები ძალიან დაძაბული და უარყოფითი მუხტის შემცველია. ხდება ნეგატიური განწყობების აკუმულაცია. ეს ეხება არა მხოლოდ მოსახლეობას, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი, არამედ პოლიტიკოსებსაც. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი განწყობების ტირაჟირებას რომ ახდენდა, ამას ვერ მიხვდა ამასწინადელი ეკონომიკის მინისტრი ბატონი ქობულია.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში რაღაც დოვლათი იქმნება, მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ოლიგარქიული, უსამართლო სახელმწიფო, სადაც ამ დოვლათს, რამდენიმე ათეული ოჯახი აკონტროლებს და ითვისებს.

სხვა ხალხი ჩამოცილებულია ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფო ქმედებას, რომლითაც საკუთარი შრომით დოვლათი იქმნება და არ ხდება სახელმწიფო ქონების გონიერების ფარგლებში გადანაწილება.

ეს შეიძლება ხდებოდეს საგადასახადო სისტემის მეშვეობით ან იგივე სოციალური პოლიტიკის მეშვეობით. ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა და ჩვენ ამასობაში რეალურად გვაქვს ოლიგარქიული სახელმწიფო.

- ასეთ, აშკარად არასახარბიელო ეკონომიკიურ და სოციალურ ფონზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სახემ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა მოიგონ.

მართალია 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებადე საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ მაინც გკითხავთ - თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნების მოსაგებად?

- ყველა პარტიის სურვილი და მიზანია არჩევნების მოგება. მეორეა, თუ რამდენადაა ეს შესაძლებელი. დროის თვალსაზრისით 2020 წლის არჩევნები არც ისე ახლო პერსპექტივაშია თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში შესაძლოა მომენტალურად შეიცვალოს.

ზაქარია ქუცნაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან პარლამენტში ერთად ვიყავით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების შესაძლებლობებზე ცოტა რამ იქნება დამოკიდებული თუ ოპოზიციური ძალები მოქმედების აბსოლუტურად სწორ სტრატეგიას შეარჩევენ. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ მათი კონსოლიდაცია. მხედველობაში მაქვს ის, თუ რამდენად სწორად შეარჩევენ ისინი იმ ნაკლოვანებებზე საუბარს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია.

30 წელია ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის არაგონივრულ საქციელს. სამწუხაროდ, ოპოზიციები მხოლოდ რევოლუციებით იმარჯვებენ, რაც ქვეყნისთვის საშინლად ცუდი პროცესია.

- უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მოქაალქეობა აღუდგინა საქართველოს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს. სააკაშვილი უკვე უკრაინაშია და სავარაუდოდ აქტიურად ჩაერთვება უკრაინის პოლიტიკაში ზელენსკის სასარგებლოდ.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე უკრაინაში დაბრუნებული და უკრაინის პოლიტიკაში ჩართული სააკაშვილის აქტიურობა?

- ეს პროგნოზირებადიც იყო, ვინაიდან თავად ზელენსკი და მის უკან მდგომი ელიტა სიმპათიებს არ მალავდა სააკაშვილის მიმართ. 2020 წლის არჩევნებზე „ოცნებას“ მოგების ერთადერთი შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში ოპოზიცია შეეცადოს ქვეყანაში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას. არჩევნების შემდეგ პროცესების რევოლუციური სცენარით წარმართვა ვისთვის უფრო მოგებიანი იქნება, ამის თქმა ახლა ძნელია, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებაში განწყობები საკმაოდ სწრაფად იცვლება.

თუ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობები წელიწადნახევარი კიდევ გააგრძელებს აკუმულირებას, მაშინ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან მძიმე ვითარება - იმგვარი რამ, რისი მოლოდინი ხელისუფლებას არ ექნება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ საკმაოდ გონიერი განცხადებები კი გააკეთა, მაგრამ როგორც კი მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა მოიგო, ამის შემდეგ ხალხისთვის ბევრი არც არაფერი გაუკეთებია.

საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას აქვს პრობლემა. ხელისუფლებაში პოლიტიკურ კოორდინატთა სისტემაში თითქმის არავინ აზროვნებს. „ოცნების“ ელიტა მხოლოდ პრიმიტიულ კონტექსტში აზროვნებს - სააკაშვილი ცუდია, წინა ხელისუფლება დამნაშავეები არიან, ამიტომ თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, მოვლენ „ნაცები“.

ამგვარი მიდგომით „ოცნება“ საკუთარ თავს უთხრის სამარეს - თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დამნაშავეები არიან, მაგრამ დღეს პარლამენტში ზიან, მაშინ იმაში, რომ ისინი პარლამენტის ნაცვლად ციხეებში არ ზიან, დამნაშავეები თავად არიან.

ხელისუფლება იმასაც ვერ ხვდება, რომ მისი მხრიდან აქცენტების იმაზე გადატანა, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავისუფლად დადიან, მისთვის წამგებიანია.

როდის მიხვდება საზოგადოება იმას, რომ ხელისუფლება მას იმ კარტით ეთამაშება, რასაც სააკაშვილი ჰქვია? თუ ხალხმა ეს 2020 წლისთვის გააცნობიერა, მაშინ მმართველ გუნდს 2020 წლის არჩევნების მოგება აშკარად გაუჭირდება.

- მმართველმა გუნდმა წინა ხელისუფლების სამსახურში მყოფი მოსამართლეები, რომელთა მიმართ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს, უვადო მოსამართლეებად გაამწესა. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებდით?

- სასამართლოში იმ კლანმა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში სააკაშვილის პერიოდიდან იყო, დღევანდელ ხელისუფლებას მომსახურების თავისი სერვისი შესთავაზა და ახლა მას ემსახურება.

ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების ნეგატიური სახე აქვს კოზირად, ძალიან სჭირდებოდა სასამართლოში სათავისო სერვისი და ეს სერვისი მან მიიღო. სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ განიხილა, რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა.

ამიტომ არის უცნაური დღევანდელი პარლამენტის ელიტის მხრიდან სააკაშვილის მოსამართლეების მხარდაჭერა და ლობირება. თუმცა, არა მგონია ეს მათი ინიციატივა იყოს. ფაქტია, სასამართლოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმან მიიღო, ვინც დღევანდელ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს იღებს.

ფაქტია, რომ გადაწყვეტილების მიმღების სურვილია, რომ მოსამართლეთა ეს კონტინგენტი შენარჩუნებული იქნას, რადგან ეს კონტინგენტი საუკეთესოა იმისათვის, რომ აკეთოს ის, რაც ხელისუფლებას უნდა.

რაც შეეხება სამართალსა და კანონის უზენაესობას. ეს საქართველოში ძალიან პრობლემურია, რადგან სასამართლო სისტემა არ წარმოადგენს ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს. მას არც ქვეყნის მომავალზე აქვს პასუხისმგებლობა. ამდენ მოსამართლეებაა და იურისტებში არ აღმოჩდა კარგი გაგებით ამბიციური ხალხი, ვისაც აქვს სურვილი, რომ საქართველოში სასამართლოს ნდობა ჰქონდეს და საზოგადოების ერთ-ერთი საყრდენი იყოს.

სასამართლო, რომელიც ხელისუფლების ნება-სურვილით იღებს გადაწყვეტილებებს, სამართლიან სასამართლოდ ვერასოდეს ჩამოყალიბდება. ამიტომაა, რომ ჩვენ გვაქვს შერჩევითი სამართალი და უსამართლობა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”