საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ცნობილია, რომ საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე.
ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შემფასებელი მისიის ვიზიტის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რათა საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.
შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოტენციალი და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აღნიშნულ ფორუმს.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების თაობაზე წინადადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროსაც დააყენა.
უწყების ცნობით, სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა ბანკის შემფასებელი მისია, რომლის დროსაც მისიის წევრებმა დაათვალიერეს ყოველწლიური შეხვედრის გამართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და შეხვედრები გამართეს სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ვიზიტის შედეგებს შემფასებელი მისია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წარუდგენს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების თაობაზე.