საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კახეთში მინერალური რესურსების დიდი მარაგები არსებობს.
„კახეთი მდიდარია წიაღისეულით. მისი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მცირედით არის შესწავლილი - სულ 1,5 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, კახეთში მინერალური რესურსების მიმართულებით დიდი მარაგები არსებობს “, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა ფორუმზე ვრცლად ისაუბრა კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია წიაღისეულის მოპოვების დარგს.
„კახეთში დიდი პოტენციალია საშენ მასალათა მიმართულებით - ეს არის თიხა-თაბაშირი, კერამიკული და სააგურე თიხები, ინერტული მასალები და ა.შ.“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, მთავრობა კახეთში წიაღისეულის მოპოვების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს. მიმდინარეობს საინვესტიციო წინადადებების დაპაკეტება და მოხდება მათი ინვესტორებისთვის შეთავაზება.