შპს „ტაო” გაძევებულია. ჩვენ გვყავს ახალი კომპანია, რომელიც კონკრეტულ პროექტს აუცილებლად დაასრულებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შპს „ტაოსთან“ დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც ბუშის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის დემონტაჟისა და გამწვანების სამუშაოები ევალებოდა.
კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ხაბეიშვილი რაზეც საუბრობს, კომპანია „ტაოსა" და მერიას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომ მერიამ თანხები გაფლანგა, ეს არასწორი ინფორმაციაა. ამ ადამიანის ძირითადი მიმართულება არის, ისაუბროს ტყუილზე. კომპანია ჩვენ გავაძევეთ, რადგან არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად იქცეოდა. რაც შეეხება თანხებს, მათ აქვთ გადარიცხული მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი, რისი სამუშაოებიც შესრულებულია. ჩვენ გვყავს ახალი კომპანია, რომელიც ამ კონკრეტულ პროექტს აუცილებლად დაასრულებს. ასევე მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია. ასევე, აეროპორტისკენ გადასახვევი გზის მთლიან რეაბილიტაციას ვიწყებთ უახლოეს დღეებში. ასე რომ, ჩვენი მოწოდებაა, ყველა სამუშაო, რომელიც ხორციელდება, მაქსიმალურად ხარისხიანად და კვალიფიციურად შესრულდეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 2018 წელს ბუშის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის დემონტაჟისა და გამწვანების სამუშაოებისთვის ჩატარებულ ტენდერში შპს „ტაომ" გაიმარჯვა. კომპანიამ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, რისთვისაც 100 ათას ლარამდე თანხა მიიღო. ეს თანხა აკრედიტებული ექსპერტების დასკვნის საფუძველზე გაიცა. რაც შეეხება მთლიან ტენდერს, ის მილიონ 200 ათას ლარზე იყო გამოცხადებული. შპს "ტაოსთან" თბილისის მერიამ არაერთი გაფრთხილების შემდეგ, ხელშეკრულება გაწყვიტა და ახლა „ტაო“ სასამართლოში დაობს. მერიამ განმეორებითი ტენდერი ჩაატარა, რომელშიც „გრინსერვისმა" გაიმარჯვა და სწორედ ეს კომპანია გაამწვანებს ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას.