"ნათია თურნავას მსგავსი მინისტრები ჩვენს მინისტრთა კაბინეტში 90%-ია, მათ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარების დავალება აქვთ"

ყველა დეპარტამენტის უფროსს ამ ქვეყანაში თუ თავისი ინტერესი აქვს და მინისტრი ვერ აკონტროლებს, ეს მინისტრის ბრალია, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო არა სამინისტრო, არამედ, კერძო ინტერესების კორპორაციაა, სადაც საქმიანობა მხოლოდ კერძო ინტერესებით ხდება და არ ხდება სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.

„ამის ნათელი დასტურია ის, რომ 2 მაისს გაცემული ბრძანება მინისტრისთვისაც ახლა აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თვითონ ფოთის პორტს, ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში იყო გაცხადებული, რომ ფოთის პორტში უნდა აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი. შემდეგ გაჩნდა ანაკლია. ახლა კი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველანაირი მცდელობა მიდის, ანაკლიის პორტი არ აშენდეს.

თქვენ ინვესტორების მდგომარეობა წარმოიდგინეთ, რომლებსაც 21 მაისს ხვდებიან და თურმე 2 მაისს არის გადაწყვეტილება მიღებული და იმას უმალავენ. ამით, როგორც საინვესტიციო ქვეყანა, საკუთარ თავს თვითლიკვიდაციას ვუკეთებთ, რადგან ნებისმიერ ინვესტორს სტაბილურობა და გარანტიები სჭირდება. ჩვენ კი, გადაწყვეტილებებში სტაბილურები არ ვართ. ანუ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობამ უკან დაიხია.

რაც შეეხება ნათია თურნავას, მისი მსგავსი მინისტრები ჩვენს მინისტრთა კაბინეტში პრაქტიკულად 90 პროცენტია და მათ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარების დავალება აქვთ”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

დღეს საკითხზე განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.