"დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან ერთად ადგილობრივი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვმუშაობთ"

დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან ერთად ვმუშაობთ ადგილობრივი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე”, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. ფორუმზე ცქიტიშვილმა დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მუნიციპალიტეტებისთვის მეტი კომპეტენციების გადაცემა, უფლებების სფეროს გაფართოება საშუალებას გვაძლევს შევამოკლოთ ის პროცედურული ციკლი, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ნებართვის მისაღებად ან საკითხის სამინისტროებთან შესათანხმებლად. ეს მცირე მთავრობის კონცეფციასა და გადაწყვეტილებების დაჩქარების პროცესში ჯდება. დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან ერთად ვმუშაობთ ადგილობრივი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კოლეგა უწყებებთან ერთად კი აქტიურად ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს სერვისების განვითარებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ყველანი ერთად ვიგრძნობთ ამაღლებულ სტანდარტს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დიჯიტალიზაციის პროცესი რეგიონებშიც ეფექტიანად წარიმართოს.