ლევან დავითაშვილი - ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი დიდია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი დიდია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კახეთს ბევრი მიმართულება გააჩნია, მნიშვნელოვანია ახალი კულტურების განვითარების ხელშეწყობა.

„ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი, როგორც ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ისე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, დიდია. კახეთს გააჩნია ძალიან ბევრი მიმართულება, ეს არის ტრადიციული დარგები: მევენახეობა, მეღვინეობა, ტრადიციული კურკოვანი კულტურები; თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კულტურების განვითარების ხელშეწყობა. მაგალითად, ზეთისხილის კულტურა, რომელიც ბოლო წლებში ინტენსიურად ვითარდება. ასევე, კაკლოვანი კულტურების, როგორიცაა კაკალი, ნუში, ფისტა და ა.შ.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა კახეთის საერთაშორისო რეგიონალურ საინვესტიციო ფორუმზე.

მინისტრმა ფორუმზე ყურადღება კახეთში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეკოტურიზმის განვითარება კახეთში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვაქვს ღვინის ტურიზმის დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზების პირველი ელემენტები უკვე სახეზეა. კახეთში ასევე შესაძლებელია ეკოტურისტული ობიექტების განვითარება როგორც დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ასევე, დაცული ტერიტორიების მიღმა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ალტერნატიული შემოსავლის წყაროს გაუჩენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.