ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. აშშ-ს მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე პიტერ ჰაასი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექს სოკოლოვსკი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ჯონათან ბრუქსი და აშშ-ს ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს დახმარების კოორდინატორი ჯიმ კულიკოვსკი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სფეროებში და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ასევე, ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ის სხვა ინსტიტუტების მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დახმარება.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიეწოდა ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების, მათ შორის, სათანადო ბიზნეს-გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, მაკროეკონომიკურ რეფორმებს, ინვესტიციების ხელშეწყობის, მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მხარდაჭერისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშესაწყობად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. თავის მხრივ, აშშ-ის მხარემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობის ძალისხმევისადმი, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის განხილვის ერთ-ერთ თემას პროფესიული განათლება და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიეწოდა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის რეფორმების შესახებ. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები, რაც მიზნად ისახავს მოქნილი, თანამედროვე და ხარისხიანი განათლების სისტემის უზრუნველყოფას. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს პროფესიული განათლების სფეროში რეფორმების გატარების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები და იმედი გამოითქვა, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით შემდგომშიც გაგრძელდება.

უწყების ცნობითვე, განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა შრომის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ამასთანავე, განიხილეს სერვისების, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები, აშშ-ის მხარდაჭერა და თანმშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს აშშ-ის ბიზნესისათვის საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო და შესაძლებლობები, მიესალმნენ სხვადასხვა სავაჭრო მისიებისა და საინვესტიციო პრეზენტაციების ორგანიზებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორცილებულ რეფორმებზე. უწყების ცნობითვე, აღინიშნა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და USAID-ის დახმარებით განხორცილებული და მიმდინარე პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და სრულყოფას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა გლობალური ციფრული კავშირგაბმულობის მიმართულებით, მათ შორის, ელექტრონული ვაჭრობა და რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნა საქართველოში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდება არსებული მჭიდრო პოლიტიკური დღის წესრიგის კვალდაკვალ.