ანაკლიის პორტზე კონსტიტუციაში თუ ჩაწერე, ფული თუ გადაიხადე, მსოფლიოს თუ აცნობე, რომ ამას ვაკეთებთო, ახლა აქ რეებს თამაშობ? ეს არის ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვების თემა,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეთერში განაცხადა.
როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მთავრობას სურს, საზოგადოება გააბითუროს და დააჯეროს ის, რაც სიმართლე არ არის.
„ზუსტად ვიცი, რომ იმას, ვისაც ამ ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ევალება, ორ ბატს ვერ ანდობ, არათუ ორი პორტის საკითხის გადაწყვეტას. ხალხი, რომელმაც ჯერ ანაკლიის პორტი ჩაგვიწერა კონსტიტუციაში და კონსტიტუციური ვალდებულება აიღო, რომ ანაკლიაში რაღაც უნდა აშენდეს. მერე ძირის გამოთხრა დაუწყო თავის მიერვე კონსტიტუციაში ჩაწერილ პროექტს და ახლა სურს, რომ ჩვენ, ყველამ თავი ისე გავიბითუროთ, დავიჯეროთ ის ახსნა, რასაც გვეუბნებიან. არანაირად არ ეტყობა ბატონ კაკაურიძეს, რომ ის არის ისეთი პიროვნება, რომელსაც შეიძლება ადვილად რამე შეეშალოს, მარტივად რაღაც ქაღალდს ხელი მოაწეროს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებებით პირველ რიგში ქვეყანა ზარალდება. უსუფაშვილის ფიქრობს, რომ ფოთის პორტის საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ან მასთან დაახლოებული პირის ხელი ურევია.
„ახლა, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაა დაზარალებული. ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორები თუ დამფინანსებლები გადაირივნენ, რა ხდებაო. 21 მაისს შევხვდით მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არ ვიცოდით ჩვენსავე უწყებაში, რომ 1 თვის წინ ამ ქაღალდზე ხელი იყო მოწერილიო. მაშინ, 21-ში რასაც ელაპარაკებოდნენ, რა ცოდნით, რა გარანტიით საუბრობდნენ? რაც შეეხება ფოთის პორტს, აქ ვიღაც ქართველი რომ რაღაცას ხიმანდრობდა, ეს კვალი აშკარად ჩანს და გაირკვევა. ვინმე ბრიუსელიდან, ტოკიოდან ან ვაშინგტონიდან ბატონ კაკაურიძეს ვერ მიუტანდა ამ დოკუმენტს - ხელი მომიწერეო. აქ ქართველის ხელი ურევია - ან ხელისუფლებაში მყოფის ან ხელისუფლებასთან დაახლოებულის. ფოთის პორტთანაც ხომ უამრავი ბიზნესწრეა დაკავშირებული, რომელთაც ვიღაცამ უპატაკა, რომ ქართული სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ გვაქვს რაღაც ქაღალდი და ვიწყებთ რაღაც საქმეს. ასე უცებ ხარვეზიანი აღმოჩნდა გადაწყვეტილება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი ფოთის პორტის შესაძლო ლობირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ვიღაცამ აღნიშნული დოკუმენტის არსებობა უზრუნველყო.
„თუ არ გავბითურდებით ისე, როგორც გვიპირებენ, მაშინ მარტივი რაღაც ჩანს. არსებობს რაღაც ძალა, ბიზნესპოლიტიკური ლობი, რომელმაც უზრუნველყო ის ქაღალდი, რომელსაც დღეს სასწრაფო წესით ხევენ. ამ ქაღალდის უზრუნველყოფას სჭირდებოდა საკმაოდ სერიოზული, მძლავრი ფინანსურ-პოლიტიკური ლობი, რომელმაც ამ დოკუმენტის არსებობა მოახერხა.
კონსტიტუციაში თუ ჩაწერე, ფული თუ გადაიხადე, მსოფლიოს თუ აცნობე, რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ. ახლა აქ რეებს თამაშობ? ეს არის ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვების თემა. ის, რასაც სახელმწიფო უნდა უპირისპირდებოდეს. მოძალადე სახელმწიფო ხომ არის უბედურება, მაგრამ ამაზე დიდი უბედურება ყოფილა ვირეშმაკობა“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.
დღეს საკითხს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.
როგორც მინისტრი განმარტავს, ის დოკუმენტი, რაც ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" მიიღო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დარღვევებით გაიცა.