„ინვესტორებთან კონტრაქტი ივნისში გაფორმდება, რის შემდეგ დაიწყება მშენებლობები და საპროცესოც გაფორმდება"

„ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, ინვესტორებთან კონტრაქტი ივნისის თვეში გაფორმდება. საუბარია სამ ახალ ინვესტორზე.

როგორც რჩეულიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დაწყებული მშენებლობები დასრულდება და დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.

„მერიასთან ერთად ვმუშაობთ, გავედით დაკონტრაქტების ბოლოში. ახლა სამი სხვადასხვა კომპანია შემოდის და ამ კომპანიებთან დაკონტრაქტების ბოლო ფაზაში ვართ. ამჯერად, ყველაფერზე შევთანხმდით სამივე მხარე და წესით, პრობლემა აღარ უნდა იყოს. ივნისის თვეში ოფიციალურად გაფორმდება კონტრაქტი.

ეს კომპანიები იმ ვალდებულებებს აიღებენ საკუთარ თავზე, რაც ჩვენ გვქონდა, ისინი იმ მშენებლობებს დაამთავრებენ, სადაც ჩვენ დაზარალებულების მიმართ ვალდებულებები გვაქვს აღებული.

მერია, გვეხმარება როგორც ბიუროკრატიული კუთხით, ასევე სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოებით, რაც პროცესს გვიადვილებს. დაიწყება მშენებლობები და საპროცესოც გაფორმდება“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, ბრალდების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე 2018 წლის 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისსა და წყნეთის ობიექტებს ეხება. იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურებისა და კუთვნილი საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფის პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.