„ესპანეთში ბიზნესის კეთება ადვილია,  ემიგრანტებისთვისაც კი“ - ქართული რესტორანი „ნატალი“ ვალენსიაში გაფართოებისთვის ემზადება

საზღვარგარეთ ქართული რესტორნების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

შეიძლება ითქვას, ქართული სამზარეულო ადგილობრივებში პოპულარობით სარგებლობს, ქართველებისთვის კი თავშეყრის ადგილად იქცევა ხოლმე.

ქართულ რესტორანს შეიძლება შეხვდეთ მსოფლიოს ცნობილ ქალაქებში, სადაც კი ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს, თუმცა ქართულ რესტორნებს იქაც შეხვდებით, სადაც ცოტა ქართველია. ასეთია ვალენსიის რეგიონში ნაკლებად ცნობილი პატარა საზღვაო ქალაქი კუიერა, სადაც ქართულ-ესპანური რესტორანი „ნატალი“ 2 წლის წინ გაიხსნა.

ოთარ ლოლიაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში თითქმის 10 წელია ცხოვრობს, მისი საოჯახო რესტორანი კი ქართველების საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა.

რესტორანი სტუმრებს ქართულ-ესპანური სამზარეულოთი უმასპინძლდება. როგორც ოთარ ლოლიაშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ესპანელ სტუმრებს ყველაზე მეტად მწვადი, აჭარული და მეგრული ხაჭაპურები უყვართ.

„რესტორანი ვალენსიას რეგიონში, პატარა ქალაქ კუიერა მდებარეობს. მზარეული ჩემი მეუღლეა, ამ საკითხს სხვას ვერავის ვანდობ. ქართული პროდუქტებიდან მენიუში გვაქვს - ტოლმა, ლობიო თიხის ქოთნებში, ხინკალი, იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპურები. ასევე მწვადი გვაქვს ცოტა განსხვავებულად. სპეციალური ლანგარია შექმნილი, სადაც 6 შამფური იდება და შუაში ცეცხლი ინთება. მენიუში ძირითადად ეს კერძები გვაქვს, თუმცა თუ დამატებითი სხვა კერძზე გვექნება შეკვეთა, არაა პრობლემა.“ - განაცხადა ლოლიაშვილმა.

მისი თქმით, ქართველები ხშირი სტუმრები არიან. ადგილობრივი ქართველები თავისუფალ დროს სწორედ მის რესტორანში ატარებენ. მათი ერთგვარი ტრადიციაა, როცა ქართველები ქართულ რესტორანში იკრიბებიან.

„ვფიქრობ, ფასები ძალიან დაბალი გვაქვს, რადგან ესპანური სამზარეულოსგან განსხვავებით, ქართული კერძებისთვის პროდუქტები საკმაოდ ძვირი ღირს. მაგალითად, ხაჭაპურის ყველის შოვნა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ოთხი სახეობის ყველს დოზებით ვიღებდით და ჩვენებურ გემოს ვამსგავსებდით. საბოლოოდ, ფერმას მივაგენით, საიდანაც გამოუხდელ რძეს ვყიდულობთ, შედეგად ყველს თავად ვამზადებთ,“ - აღნიშნა რესტორნის მფლობელმა.

მისი თქმით, ბიზნესის დაწყებისას, როგორც ემიგრანტს ბარიერი სახელმწიფოს მხრიდან არ შეხვედრია.

„კანონის მიხედვით, ესპანეთში ბიზნესის კეთება ადვილია, ემიგრანტებისთვისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტი ხარ, სახელმწიფოს მხრიდან დაბრკოლება მაინც არ გხვდება. მთავარია საბუთები წესრიგში გქონდეს და ყველაფერი კანონის მიხედვით აკეთო. საბუთების მხრივ ძალიან დიდი ბიუროკრატია არ არის. რა თქმა უნდა, ბარიერიებს უნდა ელოდო, თუმცა საბოლოოდ ხელს უშლიდნენ ან რაიმეთი ანსხვავებდნენ, არანაირი. ერთადერთი ბარიერი ისაა, რომ ყველა მხრიდან გადასახადია და მაღალი ფასებია“, - აღნიშნა ლოლიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსა და ესპანეთის რესტორნებს შორის ყველაზე მეტად მომსახურე პერსონალშია განსხვავება.

„ჩემი ესპანელი მეგობარი იყო ჩამოსული თბილისში და როცა აქ დაბრუნდა, მეკითხებოდა, თქვენთან მიმტანები რომ დაბღვერილები იყურებიან, ტრადიციააო? ესპანეთში რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, ფიზიკურად ცუდად რომ იყოს, მაინც უნდა გაიღიმოს“, - დაამატა ლოლიაშვილმა.

ოჯახი სამომავლოდ რესტორნის გაფართოებას და ფილიალის გახსნას გეგმავს.

„ჩვენი რესტორანი ქალაქ ვალენსიასგან მოშორებით, 30 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენი უმეტესი კლიენტი, ვისაც ქართული სამზარეულოს დაგემოვნება უნდა, ძირითადად, ვალენსიაში ცხოვრებს. როცა დრო აქვთ, მოდიან. ერთი-ორი ჭიქის დალევა უნდათ, რადგან უკან არიან წასასვლელები, თავს იკავებენ. ამიტომ გვსაყვედურობენ, შორს რომ ვართ. ამიტომაც გაგვიჩნდა იდეა, რომ ფილიალი გავხსნათ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს“, - განაცხადა ლოლიაშვილმა.

ლიკა ამირაშვილი