„შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაიცა ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში"

მეც დამებადა კითხვა, თუ როგორ მოხდა, რომ მე არ ვიყავი საქმის კურსში და გავეცი განკარგულება, ამ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და განმარტავს, რომ დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს დავა, არ იყო სამშენებლო ნებართვის დამადასტურებელი.

„ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ გუშინ, სიმართლე არის ერთი, რომ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვის. შესაბამისად, პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე ვერ იქნებოდა ვერანაირი საუბარი. ეს იყო წინარე დოკუმენტი, რომელიც დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია.

მეც დამებადა კითხვა, თუ როგორ მოხდა, რომ მე არ ვიყავი საქმის კურსში და გავეცი განკარგულება და ამ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ პროექტთან მიმართებით ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაიცა ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომლის თანახმადაც ფოთის პორტის მშენებლობით დაინტერესებულია ვანო ჩხარტიშვილი.

„იმდენი ვინმეს სახელი და გვარი მოვისმინე, რომ თითქოსდა ფიგურირებს ფოთის პორტის ინეტერესების უკან, ვფიქრობ, “ეიპიენ ტერმინალი“ თავად დარჩა გაკვირვებული, თუ რამდენი პარტნიორი ყოლია საქართველოში“, - განაცხადა თურნავამ.