ოთარ კახიძე პრემიერს - თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ლარი გაუფასურების პიკზეა

თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ლარი გაუფასურების პიკზეა და მართლაც, სად არის ის ქვედა ზღვარი, რომლის მერეც აღიარებთ, რომ თქვენ ხართ მავნებელი და არაკომპეტენტური ხელისუფლება, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.

ოთარ კახიძემ პარლამენტში კითხვის დასმის დროს ლარის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომლის მმართველობის პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა.

„ამ პარლამენტმა თქვენს წინამორბედს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრაქციის თავმჯდომარემ კითხვა დაუსვა - არის თუ არა განსაზღვრული მთავრობაში ის მიჯნა, რომლის ქვემოთაც ლარი უკვე აღარ გამყარდებაო. ალბათ, გახსოვთ, ხო?! ალბათ, იცით, რომ ლარი უკვე გაუფასურების პიკზეა. ამ გაუფასურებულ ვალუტაში ინახავთ ჩვენი მოქალაქეებისგან იძულებით ამოღებულ ფულს, რომელიც თქვენ, თურმე უკეთესად იცით, სად წაიღოთ. ამ დროს, საინვესტიციო საბჭოც არ არის შექმნილი, რომელმაც უნდა დააბანდოს ეს თანხა. პარალელურად, 700 000-ზე მეტ სესხზე ჩვენს მოქალაქეებს უარი უთხარით, ფინანსებზე წვდომა შეუზღუდეთ. თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა“, - განაცხადა კახიძემ.