„მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის საპენსიო ფონდების გარეშე არ მიუღწევია, ეს არის ჭეშმარიტება"

„მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და აქსიომებზე დავას ახლა აზრი არ აქვს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც მას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ყველა წარმატებულმა ქვეყანამ გაიარა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ რეფორმის დასაწყებად ოპონენტებს გამბედაობა რომ ჰქონოდათ, დღევანდელი პენსიის ოდენობა ორჯერ მეტი იქნებოდა.

„ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ, აქსიომებზე დავას ახლა აზრი არ აქვს, ამაზე ტყუილად დავკარგავთ თქვენს და საზოგადოების დროს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე.

ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია და ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის უზრუნველვყოთ ღირსეული პენსია მომავალში. 15 წლის წინ ამ კითხვების ავტორებს მსგავსი ხედვა ან გამბედაობა რომ ჰქონოდათ ამ რეფორმის დასაწყებად, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც დღეს გვაქვს. ამავე დროს, არ იქნებოდა ის პოპულისტური განცხადებები, რომელიც წინასაარჩევნოდ მოვისმინეთ, რომ ვიღაცები პენსიის გაზრდას აპირებდნენ 2-ჯერ, მთელი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა ისე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს საპენსიო სისტემაში ჩაერთვება, ყველა ფაქტორის, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით, პენსიაზე გასვლისას დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2 300 ლარს მიიღებს.

„რაც შეეხება იმას, თუ სად მიდის ეს თანხები და როგორ განიკარგება ის: რაც უნდა ემოციურად დასვათ შეკითხვა, ფაქტია, რომ საინვესტიციო საბჭო შეირჩა და შეირჩა მათ შორის თქვენი მონაწილეობით. ამ საინვესტიციო საბჭოში არიან, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელძღვანელები, მსოფლიოს გიგანტი #1 საინვესტიციო ბანკის JP მორგანის ვიცე პრეზიდენტი და ა.შ. ეს არის ის სახელები და გვარები, რომლებიც საინვესტიციო ბორდში არიან წარმოდგენილები. თქვენ თვითონ შეაფასეთ, რა თამასაზეა საუბარი,“ - განაცხადა პრემიერმა.