თუ ვინმემ გირჩიათ გეთქვათ, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 15 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, გაათავისუფლეთ ეს ადამიანები სამსახურიდან, - ასე მიმართა დეპუტატმა გიგი წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის მისული.
წერეთლის განცხადებით, 15 წლის წინ მთავრობა ამ რეფორმას ვერ დაიწყებდა, რადგან ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა და კორუფცია იყო.
„მართალია, ახალგაზრდა ასაკის ხართ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც 15 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენეთ და თქვით, რომ მაშინ უნდა გაეკეთებინა ეს მთავრობას. არ ვიცი, ეს ვინმემ გირჩიათ? თუ ვინმემ გირჩიათ, უნდა გაათავისუფლოთ ეს ადამიანი სამსახურიდან. 15 წლის წინ რა დაგროვებით პენსიაზე იყო საუბარი. იმ მთავრობამ სწორი გააკეთა, გონივრულობა გამოიჩინა, რომ ხალხი არ მოატყუა და ავანტიურა არ დაიწყო. მაშინ, როდესაც 14 ლარი იყო პენსია, არ რიგდებოდა ეს პენსიები და 2 წელი ვისტუმრებდით დავალიანებებს, ვის უნდა დაეგროვებინა პენსია? რა დაგროვებით პენსიაზე იყო ლაპარაკი კორუფციაში იხრჩობოდა ქვეყანა და ტოტალური უმუშევრობა იყო. თუ ასეთი შეხედულება გაქვთ, რომ ასეთ ვითარებაში უნდა დავიწყოთ საპენსიო რეფორმა, ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. არც ერთ იმ ქვეყანაში, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არ ყოფილა ისეთი პირობები რაც დღეს საქართველოშია. გადახედეთ ამ ქვეყნებს, რა პირობებში აკეთებდნენ რეფორმებს და მიხვდებით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.