ის ბიზნეს-მოდელი, რაც აქვს საპარტნიორო ფონდს, რა თქმა უნდა, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდის მოდელის შესაცვლელად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„ის ბიზნეს-მოდელი, რაც აქვს საპარტნიორო ფონდს, რა თქმა უნდა, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს. უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ ეს მოდელი შევცვალოთ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი არის შესაცვლელი და დიახ, მე ვადასტურებ. ამაში არაფერი არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ვფოკუსირებ და ჩემს განცხადებებს ვაკეთებ ციფრებსა და ბიზნეს-მოდელებზე დაყრდნობით. დიახ, ის არაფექტური და შესაცვლელია. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება, მათ შორის, თქვენთან კოსნულტაციის შედეგად,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარლამენტის სხდომაზე პრემიერს კითხვა საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით დეპუტატმა ლევან კობერიძემ დაუსვა. „რა პასუხისმგებლობას იღებთ სახელმწიფო საწარმოების არაეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს ეხება საპარტნიორო ფონდს, რომელიც 4 წელია უკვე არის ზარალიანი, - მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.