რობო-ტაქსის ბიზნესის მოცულობამ შესაძლოა, 2 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს

UBS-ის ჯგუფის ანალიტიკოსების გათვლებით, რობოტული ტაქსების გლობალური ბიზნესის მოცულობა, 2030 წლამდე 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამ დასკვნამდე ისინი კომპიუტერულმა მოდულირებამ მიიყვანა, რა დროსაც, ნიუ იორკში მომუშავე რობო-ტაქსის მახასიათებლები გამოიყენეს.

მოდულირებისას ასევე გაითვალისწინეს საექსპლუატაციო ხარჯები, უტილიზაციის კოეფიციენტები, დასამუხტი სადგურების ქსელის მაჩვენებლები და მარჟა. „დეტროიტ ნიუსის“ ინფორმაციით, კვლევაში ასევე გათვალისწინებულია შენობების დასამუხტი სადგურები, სადაც ასევე ხდება ავტომობილების მომსახურება.

თქმა არ უნდა, რომ ისეთი გიგანტი გადამყვანები, როგორებიცაა „იუბერი“ და „ლიფტი“, ამ ბიზნესში დიდ წილს აითვისებენ. მათ ალბათ, „ალფაბეტის“ ჯგუფში შემავალი „ვეიმოც“ დაემატება. თუმცა რობოტული ტაქსების სფეროს განვითარება, დიდწილად ავტომწარმოებლებზე იქნება დამოკიდებული და სავარაუდოდ, ისინი აქედან მოგების მიღებას შეეცდებიან. მათ შორის იქნებიან „ჯენერალ მოტორსი“, „დაიმლერი“ და „ფოლკსვაგენი“.

ამ სამიდან, „ჯენერალ მოტორსმა“ უკვე გამოაცხადა, რომ ავტონომიური ტაქსის დიდ ფლოტს ამზადებს. მის გეგმებში, ელექტრომობილ „შევროლე ბოლტის“ ბაზაზე, 2 500 ცალი თვითმავალი ავტომობილის დამზადება შედის. ისინი ავტომობილების გაზიარების სფეროში, სან ფრანცისკოს ქუჩებში, ამ წლის ბოლოდან დაიწყებენ მოძრაობას. თუმცა ბევრი ამ წამოწყებას სიფრთხილით ეკიდება და გამოითქმება შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ავტონომიური ავტომობილები ჯერ არაა იმდენად უსაფრთხო, რომ მათ ქალაქის ქუჩებში მგზავრების გადაადგილება ანდონ.

მაგრამ „ჯენერალ მოტორსმა“ საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ ორწლიანი ვადით, პასიური უსაფრთხოების ზოგიერთ დეტალზე, შეზღუდვები დროებით მოხსნას.

აშკარაა, რომ როგორც კი რეგულაციების სახით არსებული შეზღუდვები მოიხსნება, მსოფლიოს ქვეყნებს თანდათან შეესევა ავტონომიური ტაქსების ურდოები, რომლებიც ქალაქსა თუ მაგისტრალებზე, მგზავრების გადაყვანზე იზრუნებენ.