საპენსიო სააგენტოს საინვესტციო საბჭოს წევრები უკვე შეირჩნენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საინვესტიციო საბჭოში არიან: ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელძღვანელები, მსოფლიოს გიგანტი #1 საინვესტიციო ბანკის JP მორგანის ვიცე პრეზიდენტი და ა.შ.
ბახტაძის განცხადების შემდეგ, აღნიშნულ საკითხს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძეც გამოეხმაურა, რომელმაც საბჭოს წევრების ვინაობა არ დაასახელა და აღნიშნა, რომ მათ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ბრიფინგზე წაუდგენს.
„საბჭოს წევრები არიან შერჩეული. ისინი არიან მაღალი პროფესიონალიზმის და მაღალი რანგის პირები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში ხელმძღვანელობენ წამყვან საპენსიო ფონდებს. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება ბრიფინგი, სადაც მათ წარვუდგენთ საზოგადოებას. შესარჩევმა კომისიამ სრულად დაასრულა პროცედურებზე მუშაობა. შეირჩა ხუთი კანდიდატი საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან და საქართველოდან", -განაცხადა სურგულაძემ.
ცნობისთვის, სააგენტოს საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება, რომელთა შესარჩევად უცხოურ გამოცემებში საერთაშორისო კონკურსი 23 მარტს გამოცხადდა. კონკურსის თანახმად, საბჭოს წევრებიდან სამი 5 წლის ვადით, ორი კი სამი წლის ვადით შეირჩა. საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში მაქსიმუმ 60,000 დოლარამდე იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, კონკურსის პირობებით, სახელმწიფო საბჭოს წევრების სამგზავრო ხარჯებსაც სრულად დაფარავს.
როგორც განაცხადში იყო აღნიშნული, არ არის აუცილებელი ეს პირები მუდმივად საქართველოში იმყოფებოდნენ. თუმცა, კონკურსის თანახმად, გამარჯვებულ კანდიდატებს საქართველოში მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოუწევთ ჩამოსვლა. სამუშაო საათების რაოდენობა კი წლის განმავლობაში 72 საათი უნდა იყოს.