„2012 წელთან შედარებით, 2018 წელს მთავრობამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დახარჯა 1 მლრდ 100 მილიონი ლარით მეტი მხოლოდ ხელფასებში"

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დახარჯა მინიმუმ 1 მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი მხოლოდ ხელფასებში და ამაში არ შედის სრულად ინფორმაცია ააიპ-ებისა და სსიპ-ების შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დახურულ „შავ ხვრელად“ იქცა პარტიული აქტივისტების დასაქმებისა და დაფინანსებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არ ასაჯაროვებს მთავრობა სსიპ-ებში და ააიპ-ებში დასაქმებულთა რიცხოვნობას და შრომის ანაზღაურებას ასევე შტატგარეშე მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციას.

„2012 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დახარჯა მინიმუმ 1 მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი მხოლოდ ხელფასებში და ამაში არ შედის სრულად ინფორმაცია ააიპ-ებისა და სსიპ-ების შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დახურულ „შავ ხვრელად“ იქცა თქვენი პარტიული აქტივისტების დასაქმებისა და დაფინანსებისთვის. ასევე, მინიმალური გათვლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თანხიდან 300-350 მილიონ ლარს თქვენ ხარჯავთ თქვენი პარტიული აქტივისტების შესანახად. თქვენს მიერ წერილობით წარმოდგენილ წერილში გვერდს უვლით ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს და საუბრობთ ნაერთი ბიუჯეტის მონაცემებზე, ანუ მხოლოდ ადგილობრივი და სახელმწიფო ერთეულების ბიუჯეტებიდან გადახდილ შრომის ანაზრაურების ფონდზე, არ საუბრობთ რა მდგომარეობა გაქვს ააიპ-ებისა და სსიპ-ების შემთხვევაში, არ საუბრობთ შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზრაურებაზე“, - განაცხადა აბესაძემ.

მან დეპუტატებს მიმართა და მაგალითად თბილისის მერიაში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება მოიყვანა.

„თქვენ აქ მოგიყვებიან მითებს მცირე მთავრობის შესახებ და დაუკრავთ ტაშს, შემდგომ მიგაღებინებენ საჯარო სამსახურში შრომის ანაზღურების შესახებ ცალკე კანონს და ხართ წყნარად, რომ მაღალი ხელფასები დასრულდა, მაგრამ ამ დარბაზიდან გასული, მაგალითად, ბატონი კალაძე საკუთარ პიარსამსახურს გარდაქმნის ააიპ-ად, თქვენი კანონების გვერდის ავლით დააწესებს ხელფასებს - 6 ათასი ლარი, 5 ათასი ლარი, 4500 ლარი. საკუთარ ფეისბუქის ადმინისტრატორს, ამბობენ რომ ეს ადამიანი არაფორმალურად ამ ფუნქციებსაც ითავსებს მერიაში მუშაობის პარალელურად, დაუნიშნავს ხელფასს 6 ათას ლარს. ეს არც ერთ კანონში არ წერია და არც ერთ ანგარიშში არ ხვდება, რომელსაც პრემიერი წარმოგიდგენთ და აქ ახლა მოგიტანთ ლამაზ ციფრებს, როგორ არის შრომის ანაზრაურება შემცირებული მშპს-სთან მიმართებაში, თუმცა ბატონო პრემიერ-მინისტრო, რამდენი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების ფონდი, რამდენია სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ფონდი, რამდენი ადამიანი გყავთ შტატგარეშედ დასაქმებული, ამაზე პასუხები 2 თვეა ვერ მივიღე. სირცხვილია, როდესაც ამაზე პასუხს არ იძლევით. თქვენ რომ ყოფილი ფინანსთა მინისტრი არ იყოთ, ვიტყოდი, რომ შეცდომაში შეყავხართ ფინანსთა სამინისტროს, თუმცა, სწორად გესმით და ემზადებით, რომ საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანოთ შეცდომაში, თუკი კვლავ ნაერთ ბიუჯეტზე ისაუბრებთ.

აუდიტის სამსახურს ეს სფერო შემოწმებული აქვს მხოლოდ 2015 წლამდე და სამწლიან პერიოდში მხოლოდ თვითმმართველი ერთეულების ა(ა)იპ-ებში 20 ათასი ადამიანით გაზარდა დასაქმებულების რაოდენობა და შრომის ანაზღაურების ფონდი გააორმაგა და აბსოლუტურ ციფრებში 90 მილიონი ლარით გაზარდა. იმის იქეთ-აქეთ რა ხდება გითხარით, ჯამურად 1 მილიარდი ლარი თქვენს ჩინოვნიკებზე ნამდვილად მფლანგველობაა“, - განაცხადა აბესაძემ.