კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობა 170 749 652 ლარს შეადგენს. დასაკუთრებული ქონებიდან 95% კომერციულ ბანკებზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში, 161 707 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სებ-ის სტატისტიკით, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მისო-ების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 9 041 999 ლარი შეადგინა, რაც 7,6 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 16 677 553 ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, ბაზარზე 15 კომერციული ბანკი და 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.