საზოგადოება ანაკლიაზე სხვადასხვა ტიპის კონსპირაციის თეორიების მოსმენით დაიღალა. არარსებულ ბარიერებზე საუბარი შედეგს არავის მოუტანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ 300 მილონის ინვესტირებას გააკეთებდა ინფრასტრუქტურაში, რამდენიმე ათეულ მილიონად გამოისყიდა მოქალაქეებისგან მიწები, რომლის ნაწილი გადაეცა და ნაწილი გადაეცემა კონსორციუმს, სახელმწიფომ აიღო 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ მოხდეს თანადაფინანსება პორტის პროექტის. მისი თქმით, ამასთან, სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო და დაეხმარა კონსორციუმს, რომ ყველა წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონოდა ის თავის პრიორიტეტულ ნუსხაში.
„ამის შემდეგ ჩნდება ობიექტური კითხვა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არის ასეთი მხარდაჭერა, რა რჩება იმისთვის, რომ მოხდეს სტრატეგიული პროექტის რეალიზაცია? რჩება ძალიან მარტივი რამ, კერძო კომპანიების მხარეს არსებული ვალდებულების შესრულება. მე კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო ჩვენი სრული მხარდაჭერა ანაკლიის პორტის მიმართ, დავადასტურო ის, რომ ამ პროექტს აქვს ჩვენთვის სტრატეგიული ხასიათი, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, იყოს ფოკუსირებული შედეგებზე, საქმეზე და არა სხვადასხვა ტიპის თეორიების შექმნაზე", - განაცხადა ბახტაძემ.
რაც შეეხება ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ბახტაძის თქმით, არავითარი ნებართვა გაცემული არ არის.
„ეს არ იყო ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სსიპ-ს შესაძლოა ჰქონდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის გაცემის საშუალება. 1. ის არ შეთანხმდა მინისტრთან და 2. ის იყო სამართლებრივად ხარვეზიანი, მოხდა მისი გაუქმება. ნებართვამდე საქმე ვერც მივიდოდა",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რომელსაც პირნათლად ასრულებს ყველას მიმართ.
„ნებისმიერი ტიპის საქმე და ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ იმისთვის, რომ ეს ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, არის შედეგზე ორიენტირებული. თუ ვინმეს სურს პოლიტიკურ პროცესზე ორიენტირება, ეს სხვა საქმეა.
ეს ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ, პირნათლად სრულდება. მინდა მოვუწოდო კონსორციუმს, რომ მათაც შეასრულონ პირნათლად. ჩვენს უწყებებს აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს ერთი საკითხი, ამაზე განმარტება გააკეთა როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ასევე ფინანსთა სამინისტრომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომერციული რისკის დაზღვევაზე, ე.წ. ტრაფიკის გარანტიაზე, ეს არის გადასახადის გადამხდელების ფული. კომერციული რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი პრაქტიკა. ეს არის ჩვენი საუბრის ერთ-ერთი აქცენტი, რომელიც გვაქვს, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გადავწიეთ ვადა, იმიტომ, რომ გვესმის რომ დროა საჭირო, ეს მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ სულისკვეთება არის ზუსტად ასეთი. მე მსურს ამ სულისკვეთებას ვგრძნობდეთ ყველა, მათ შორის იმ კონსორციუმის მხრიდან, რომელიც თავის მხრივ აქვს ვალდებულება, რომ ეს ვალდებულება შეასრულოს. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ, შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომ მათ შეასრულონ თავისი ვალდებულებები",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბახტაძის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია, რომ საქართველომ შეძლოს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია და ამისთვის ღრმაწყლოვანი პორტი არის საჭირო. ბახტაძის განცხადებით, ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს და ამ შემთხვევაში ეს კონსორციუმმა უნდა განახორციელოს, სახელმწიფოს კი მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული.