ფინანსთა მინისტრი - როგორც უმეტეს შემთხვევაში, დღესაც ოპოზიციის მხრიდან პოპულიზმი სჭარბობდა

როგორც უმეტეს შემთხვევაში, დღესაც ოპოზიციის მხრიდან პოპულიზმი სჭარბობდა და მაღალი დოზით იყო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

მისი თქმით, პრემიერმა ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.

„ძალიან პოლიტიზირებულია ამ ტიპის შეხვედრები და ინტერპელაცია. პრემიერმაც აღნიშნა და მეც ვისურვებდი, რომ უფრო შინაარსობრივი, თემატური და მაღალპროფესიონალური იყოს ოპონირება და მსჯელობა.

ის კითხვები და რა პროცესებიც განვითარდა, მაღალი პოპულიზმით ხასიათდებოდა, როგორც სჩვევია ხოლმე ოპოზიციას“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.