კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ და პასუხი გაგვცეთ, როდის და რა ვადებში შესრულდება მთლიანად სოციალური მუშაკების მოთხოვნები,- ასე მიმართა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.
ბექა ნაცვლიშვილი ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს მოუწოდებს, პარლამენტში მივიდნენ და პასუხი გასცენ შეკითხვებს სოცმუშაკების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
„როდესაც თქვენი მოადგილე, ქალბატონი თამილა იყო პარლამენტში მოსული, მან პირობა მოგვცა, რომ თქვენ და ფინანსთა მინისტრი გამოცხადდებოდით პარლამენტში და გაგვცემდით პასუხებს კონკრეტულად ვადებთან დაკავშირებით, ის მოთხოვნები, რაც იქნა დაყენებული რა ვადებში შესრულდებოდა. ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, ჩვენ დღესაც ვითხოვთ, რომ თქვენ და ფინანსთა მინისტრი მობრძანდეთ, რადგან ეს საბიუჯეტო თანხების აკუმულირებას, მოზიდვას მოითხოვდა. მე როგორც ვიცი, ის მდგომარეობა ძირეულად არ არის შეცვლილი, შეიძლება თბილისში მანქანები დაემატა, მაგრამ ამ თვალსაზრისით რეგიონებში ისევ პრობლემაა, ხელფასებთან დაკავშირებით დღესაც არ მიგვიღია პასუხი. პარლამენტმა მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ ვიქნებოდით ამ პროცესში წამყვანი გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, იგნორირებული იყო ჩვენი შეთავაზება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ და პასუხი გაგვცეთ, სოციალურ მუშაკებთან და მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით, როდის და რა ვადებში შესრულდება მთლიანად მათი მოთხოვნები,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
იგი სოციალურ პოლიტიკასაც შეეხო და განაცხადა, რომ მინისტრი კომფორტულ მდგომარეობაშია და ძირითადი დარტყმა მიდის სოციალურ აგენტებზე.
„რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, თქვენ ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში ხართ, ეს შეიძლება თქვენს მიერ განზრახ არ არის გაკეთებული, მაგრამ ძირითადი დარტყმა მიდის სოციალურ აგენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს რეალურად სრულფასოვანი სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია, თქვენვე აღიარეთ, რომ სოციალური პოლიტიკა არა ადამიანის განვითარებაზე, არამედ მის ფიზიკურ გადარჩენაზეა ორიენტირებული, ამ თვალსაზრისითაც ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ არიან სოციალური აგენტები,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.