11 თვეში, რაჭა-ლეჩხუმში უკვე 30 მიტოვებული სახლი გაიყიდა. როგორც „დაკარგული სამოთხის“ იდეის ავტორი ლექსო ჩარკვიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სურვილი აქვს, რომ წამოწყებამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვას, თუმცა ენთუზიაზმზე სოფლების გამოცოცხლება არავის უნდა.
„დაკარგული სამოთხე“ - ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.
რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.
ლექსო ჩარკვიანმა აღნიშნული კამპანია 2018 წლის ივნისიდან წამოიწყო და როგორც თავად ამბობს, მასში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონიდანაც გამოითქვა.
„ამ დროისთვის უკვე 30 სახლია გაყიდული. ქუთაისიდან ცაგერამდე თუ რამე სოფელია, ყველა ავითვისე. მეტიც, ცაგერსაც გავცდი. ბევრი მიკავშირდება, თუმცა ბოლო დროს ცოტა გამიჭირდა, საწვავი გაძვირდა და კვირაში ორჯერ თუ გავედი, ესეც კარგი ვარიანტია. მიუხედავად ამისა, გაჩერებას არ ვაპირებ. კარგი იქნება, თითო გაყიდული ბინიდან, საწვავის 20-30 ლარს მაინც თუ დარიცხავენ, ამით მეორე სოფელში ჩავალ და გადავიღებ.
სხვათა შორის, ძალიან მინდა სხვა რეგიონების ათვისება, რადგან თავად მირეკავენ. მაგალითად, აღმოსავლეთ რეგიონიდან ემიგრანტებს უნდოდათ სახლების შეძენა. ვაპირებ, ჯგუფის გაკეთებას, თუმცა ენთუზიაზმზე სიარული, არავის უნდა. მქონდა შემთხვევა, როცა ერთკვირიანი კონსულტაცია 4 ადამიანს გავუწიე. ავუხსენი, რა და როგორ მოეძიებინათ, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ დამირეკეს და მკითხეს, ხელფასი რამდენი გვექნებაო. მე ხელფასს როგორ გადავუხდიდი, როცა საწავავსაც კი საკუთარი თანხით ვასხამ. თუმცა, ეს ჩემთვის ფუჭი წვალება არ არის. ჩემს კუთხეში მომყავს ხალხი და აქაურობას ვაცოცხლებ“,-ამბობს ლექსო ჩარკვიანი.
რაც შეეხება მიტოვებული სახლების ღირებულებას, როგორც „დაკარგული სამოთხის“ ავტორი ამბობს, 1500 ლარიდან იწყება. თუმცა, მისივე თქმით, კამპანიის პარალელურად, თაღლითობის შემთხვევებიც გახშირდა.
„ახლახანს გაიყიდა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი. ლეჩხუმში 5000 კვ.მ მიწის ფართი, 2 სართულიანი სახლი, თავისი ბეღელით, საბძლით, 3000 ლარი ღირდა.
თუმცა, ამასთან, თაღლითობის შემთხვევებიც გახშირდა. ერთ-ერთ სოფელში სახლი „ლაივით“ გადავიღე, რომელიც რამდენიმე წუთში გაიყიდა. მოგვიანებით მეზობლებმა მითხრეს, რომ ეს ყოფილა გადამყიდველი და სახლი, რომელიც 5000 ლარად იყიდა, 5 დღეში 8000 ლარად გაუყიდია. დარაჯობენ ჩემს ლაივებს, მაგრამ მე როგორ შევაჩერებ. ამის ბერკეტი არ მაქვს“,- აცხადებს ლექსო ჩარკვიანი.