ფინანსთა მინისტრი - პირდაპირი და მყისიერი ჩარევა პოპულისტური ნაბიჯია, ეს ლარს გადაარჩენს 3 - 6 თვეს, მაგრამ სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილებს შეამცირებს

პირდაპირი და მყისიერი ჩარევა პოპულისტური ნაბიჯია, ეს ლარს გადაარჩენს 3 თვეს, 6 თვეს. შემდეგი ექვსი თვე შეიძლება სტაბილური იყოს, მაგრამ სამომავლოდ ზრდას და სამუშაო ადგილებს შეამცირებს. არ უნდა წამოვეგოთ კრიტიკას და პოპულიზმს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენთან არის ე.წ თავისუფალი, მცურავი ლარის კურსი. ეს არის ძალიან მნიშნველოვანი მონაპოვარი საშუალო და გრძელ ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის მერყეობა არ არის სასიამოვნო მოვლენა, მიმაჩნია, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის რეფორმები, რასაც ვაკეთებთ. შეგახსენებთ, ლარიზაციის რეფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ რყევების ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია მოხდეს. მაგრამ საკუთრივ რყევების შემცირებას რაც შეეხება, ამისთვის აუცილებელია ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.