„ბოლო პერიოდში, ადგილების მიტაცება და მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა“. ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასოციაციის პოსტს და თანდართულ ფოტოებს უცვლელად გთავაზობთ:
„ეს ნადირა ხოშარაულის ქუჩის შესახვევია, თბილისში ('"ელიავაზე"). დიდი ხანია უკვე, რაც ქუჩა შლაგბაუმით კონტროლდება ე.წ. "სტაიანშიკების" მიერ და იქ შემსვლელ-გამომსვლელსაც ისინი აკონტროლებენ. პრაქტიკულად მითვისებული აქვთ გზა და მიუხედავად იმისა, რომ იქ განთავსებული საგზაო ნიშანი კრძალავს ავტომობილის დგომა/გაჩერებას, "სტაიანშიკები" ძალიან მშვიდად გრძნობენ თავს და კანონდარღვევით აჩერებინებენ მძღოლებს ავტომობილს. აქ პარკირება საკმაოდ ძვირი ჯდება: 1 საათამდე გაჩერება 2 ლარი და ყოველ ერთ საათში დამატებით 2 ლარი. კანონდამცველებს კი, სულ თავისუფლად შეუძლიათ ავტომობილის ევაკუაციაც და მძღოლის დაჯარიმებაც.
აღნიშნული ფაქტი სცდება უბრალოდ "სტაიანშიკების" თემას და გაცილებით სერიოზულ პრობლემაზე მიგვანიშნებს. თბილისის მერიიდან ხშირად გაგვიგია განცხადება, რომ "სტაიანშიკებს" შეგვიძლია გადავუხადოთ ან არ გადავუხადოთ თანხა და ეს ნებაყოფლობითია!. ეს, ასე აღარ არის! კერძო პირების მიერ მითვისებულია გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მთლიანად ქუჩებიც კი.
დედაქალაქელებს, სრულიად გაურკვეველი პირების მიერ უკანონოდ ეზღუდებათ გადაადგილება. ბოლო პერიოდში, ადგილების მიტაცება და მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა. დიახ, ეს ფულის მასობრივი, ორგანიზებული გამოძალვაა და მეტი არაფერი! არადა, ამ ადგილებით სარგებლობის უფლება გვაქვს ყველას!
ჩნდება ეჭვი, რომ გზის მიტაცებას უკანონო საქმიანობისთვის, შესაძლოა ჰყავდეს მფარველებიც! ან თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს სადავეები გაექცათ ხელიდან და სიტუაცია გახდა უკონტროლო. სხვაგვარად ასეთი უკანონობის ახსნა შეუძლებელია,“ - წერს ასოციაცია „ფეისბუქის“ გვერდზე.