მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ახალ სკოლებს ავაშენებთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რაჭაში, სოფელ გოგოლათში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რაჭა და მისი სოფლები არის საქართველოს სიმდიდრე, რომლითაც ყველა ქართველი ამაყობს.
„ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული ასეთი სახლი, სადაც არის შენარჩუნებული უნიკალური ქართული არქიტექტურა და უნიკალური ქართული ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. ეს არის უდიდესი კულტურის მაჩვენებელი და უდიდესი გამოცდილების მაჩვენებელი. შეუძლებელია ერმა შექმნას მსგავსი სილამაზე, რაც არის ამ სოფელში და კუთხეში, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარეშე. მე მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ულამაზესი კუთხის მიმართ და ძალიან მიხარია, რომ ის პროექტები, რომელიც შარშან დავიწყეთ მიმდინარეობს წარმატებით. მე ვიყავი ორივე მუნიციპალიტეტში: ონში და ამბროლაურში. ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას და იმ მოსახლეობას, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი მამა-პაპისეული სახლები შესაძლებლობები შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ულამაზეს კუთხეში“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რეგიონს გააცოცხლებს .
„ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დასრულდა, რომელიც მოიცავს წყლის პრობლების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შარშან ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მე დარწმუნებული ვარ , რომ კიდევ უფრო წარმატებული ეკონომიკური წელი გვექნება მიმდინარე წელს. ძალიან მნიშნველოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას და ეს არის განათლება. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ“,-განაცხადა ბახტაძემ.