საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა; ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის; ყველაფერი კარგად არ არის, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ შედეგი სახეზეა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ნიკორწმინდაში, იტალიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ განცხადებას არ გაცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი უცხოური კომპანია მოღვაწეობს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან მივიღოთ უკუკავშირი. რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, ამაზე მე პარლამენტშიც ვისაუბრე. ის, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენ ეს საკითხი დასახვეწი გვაქვს, იყო საკადრო გადაადგილებების მიზეზი, მათ შორის შარშან და წელსაც. მოგეხსენებათ, წელს არის ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ყველა მუნიციპალიტეტი, ისე ყველა ცენტრალური უწყება ბიუჯეტის პარამეტრებს წინსწრებით ასრულებს, იმის მიუხედავად, რომ წელს ბიუჯეტში ისტორიულად მაქსიმალური რესურსი გვაქვს. ვფიქრობ, ის პრობლემები, რაც არსებობდა, დღეს რეალურად დაძლეულია, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი, მათ შორის გასამარტივებელი გვაქვს პროცედურები. ვფიქრობ, აქ ძირითადად უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული.
„ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკა ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად ვითარდება, კარგი ბიზნეს გარემოა, შემცირებულია საგარეო ვალი, ინფლაციის დონე შემცირებულია. რაც შეეხება სიღარიბეს, ის კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ თვალსაზრისით ცხადია მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პოტენციალი, რაზეც ვისაუბრე პრაქტიკაში გადმოიტანოთ და მისი რეალიზება მოხდეს, ამისათვის კი საჭიროა, რომ მაგალითად ბერკეტად გამოიყენოთ ევროკავშირთან ღრმა დაა ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, მოახდინოთ იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც ფოკუსირდებით. ეს უნდა მოხდეს გონივრულ დროში. ეს ეხება საშუალოვადიან პერიოდში გასატარებელ ღონისძიებებს. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდში გასატარებელ მნიშვნელოვან ზომებს, ისინიც უნდა განახორციელოს მთავრობამ, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს ქვეყანა: ასეთია მაგალითად პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, ინსტიტუციების სტაბილურობა, დემოკრატია და ზოგადად ყველა ის რეფორმა, რომელიც საიმედოობის განცდასა და უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს პოტენციური ინვესტორისთვის. გამოვყოფდი კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და ამჟამად მიმდინარე საპენსიო რეფორმასაც, ისევე როგორც გადახდისუუნარობის რეფორმას - ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველაზე პერსპექტიული სექტორი საქართველოში ტურიზმია სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ სექტორში ყველას თანაბარი შანსები აქვს განახორციელოს კონტრიბუცია და მიიღოს შემოსავალი, ტურიზმი საქართველოს ინკლუზიური ზრდის გარანტია“,- აცხადებს ელჩი.