"თუ ასეთი ბურუსით მოცული საქმეები დაგროვდება, ამას აუცილებლად გაჰყვება რეიტინგიც, პოპულარობაც და ხელისუფლებაში ყოფნის მიზანშეწონილობაც"
"ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი", რომელიც ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას გეგმავდა, სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წამოწყებას აპირებს. საქმე ეხება 2019 წლის 2 მაისის ბრძანებას, რომელიც საკმარისი საფუძველი გახდა კომპანიისა და ფოთის მერიისთვის, სიხარულით ეუწყებინათ საზოგადოებისთვის, რომ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იწყებოდა. ჯერ ამ ინფორმაციით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" შეშფოთდა და განაცხადა, რომ ეს, ფაქტობრივად, ანაკლიის პორტის დასამარების ტოლფასი გადაწყვეტილება იყო, მოგვიანებით კი ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ის ბრძანება გააუქმა, რომლითაც "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს" საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაუმტკიცდა და ამ ბრძანების გამცემიც შინ გაუშვა. მინისტრმა ისიც დაამატა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ ბრძანება მისი და მთავრობის მოქმედი გუნდის სხვა წევრების ინფორმირების გარეშე, დარღვევებით გასცა და ინვესტორი მშენებლობას იმ მიწაზე აპირებდა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა და ამის შესახებ არც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იყო ინფორმირებული. პირდაპირ რომ ვთქვათ, მეტად უცნაური ამბავია, რომლის ამოხსნასაც, შესაძლოა, დიდი ჭკუა - არა, მაგრამ დიდი პოლიტიკური ნება კი სჭირდება.
რომან კაკულია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე:
- ძალიან გაუგებარი მოცემულობა მივიღეთ. სასამართლო დავას აპირებს ფოთის პორტის მმართველი კომპანია. როგორც ჩანს, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება კომპანიის მოლოდინს ეწინააღმდეგება. თუნდაც დავამტკიცოთ, რომ მათი პირველი განცხადება არასწორი იყო, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაწყვიტა საკითხი და პირვანდელი ვითარება დავაბრუნოთ, ანუ ხელახლა, პროცედურების დაცვით მიიღონ გადაწყვეტილება, ლოგიკური შედეგი კვლავინდებურად ახალი პორტის მშენებლობა იქნება? მთავარი შეკითხვა ხომ სწორედ ეს არის! და თუ ასეა, მაშინ სხვა კითხვაც ჩნდება - თუკი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფოთის პორტის გაფართოებაზე, ლეგიტიმური და სწორი იყო ეს იმ პირობებში, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გვაქვს?
- ორი ღრმაწყლოვანი პორტის თანაარსებობა წარმოუდგენელია? მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ეს კონკურენციის ამბავია და ორი კი არა, შესაძლოა სამი და ოთხი ღრმაწყლოვანი პორტი დაგვჭირდეს...
- ვცდილობ, თავი მოვუყარო იმ საკითხებს, რომლებიც მთავარ შეკითხვამდე მიგვიყვანს და რის შესახებაც 7 ივნისს კომიტეტზე უნდა ვკითხოთ ეკონომიკის მინისტრს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, თუმცა ეს ისეთი საკითხია, მთავარი აქცენტების უკანა პლანზე გადატანა არ შეიძლება.
თუ ანაკლიის მშენებლობის პერსპექტივას მთავრობა სერიოზულად განიხილავს, მაშინ რატომ თანამშრომლობს ფოთის პორტთან? ხომ შეიძლება, კონკურენციის პერსპექტივა დამატებით გამოწვევად იქცეს ანაკლიის პორტისთვის! ხოლო თუ ასეც უნდა იყოს, ეს ხმამაღლა რატომ არ გაცხადდა? სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ამბავს ტელევიზიით ვიგებ. საინტერესოა, თუნდაც, რა პერსპექტივას ხედავდა ფოთის პორტი ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ, რატომ გადაწყვიტა საკითხის მოგვარება სასამართლო დავით და არა, ვთქვათ, დოკუმენტაციაში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებით. თუ ხარვეზი იყო, გამოსწორდებოდა და საქმეც გაგრძელდებოდა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს რაღაც მოლაპარაკებასთან, დაიმედებასთან ან სხვაგვარ შეთანხმებასთან, არ ვიცი. მხოლოდ ხარვეზი რომ ყოფილიყო, ფოთის პორტი ასეთი აგრესიული არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ზოგ საკითხში ვიზიარებ ჩვენი ხელისუფლების პოზიციას. მართლაც ბევრი რამ კეთდება. როცა სახელმწიფო პროექტში 500 მილიონ ლარამდე ხარჯავს, საფუძველი არ მაქვს, დავეჭვდე მის განზრახვაში, თუმცა კონსორციუმის მიმართ ჩნდება ახალი შეკითხვები. ვიღაც განიხილავს ვერსიას, რომ ანაკლიის კონსორციუმის პროექტში ყოფნა პრობლემაა და პორტის მშენებლობა სწორედ მათი მიზეზით ფერხდება; სხვები განიხილავენ იმ ვერსიასაც, რომ ამ პორტს პერსპექტივა არა აქვს არც კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით... ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი ჩახლართული ვითარება, რომლიდანაც ახლა თითო-თითო ძაფი უნდა გამოსწიო, რომ როგორმე კვანძი გახსნა. ეს კიდევ ერთი ნაღმი აღმოჩნდა, რომელიც აფეთქდა. ახლა სიცხადის შემოტანის გარეშე ამ საკითხის განზე გაწევა ძალიან დააზიანებს ჩვენს ხელისუფლებას. მე არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ეს მოცემულობა მივიღოთ და საკითხში სიცხადე არ შევიტანოთ. ვაპირებ, საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრისგან ყველა კითხვის პასუხი მივიღო.
- მინისტრი ამბობს, არაფერი ვიცოდი და კაკაურიძეს ეს ბრძანება არავისთან შეუთანხმებიაო...
- საკითხის მხოლოდ ამ პასუხის ამარა დატოვება არ გამოვა. ეკონომიკის მინისტრმა თუ არ იცოდა, ვიღაცამ ხომ იცოდა? ფოთის პორტის უკან სერიოზული ძალა დგას. ეს არ არის რიგითი ინვესტორი ("ეი-პი-ემ ტერმინალსი" არის "ეი. პი. მოლერ - მაერსკის" ჯგუფის წევრი, რომელიც გახლავთ გლობალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია 39 მილიარდდოლარიანი ბრუნვით, ფლობს ათეულობით პორტს, ტერმინალს, კონტეინერმზიდთა უმსხვილეს ფლოტს და სხვ. "ფოთის საზღვაო ნავსადგური" "ეი-პი-ემ ტერმინალსმა" 2011 წლის აპრილში შეისყიდა). ამიტომ უპირველესი კითხვაა, რის იმედი ჰქონდათ მათ და ვინ შეუქმნათ ეს იმედი. უნდა გვიპასუხონ, რა მოხდა ეკონომიკის სამინისტროში და არის თუ არა ეს დაკავშირებული ამ იმედთან? უნდა გვიპასუხონ იმაზეც, ლეგიტიმურია თუ არა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პრეტენზიები. ვფიქრობ, კომიტეტის სხდომაზე მინისტრის ერთხელ მოსვლა არ იკმარებს და ამით დაიწყება პროცესი, რომელშიც სხვა მხარეებიც მიიღებენ მონაწილეობას - როგორც ფოთის პორტის, ისე ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები.
თუ ასეთი ბურუსით მოცული საქმეები დაგროვდება, ამას აუცილებლად გაჰყვება რეიტინგიც, პოპულარობაც და ხელისუფლებაში ყოფნის მიზანშეწონილობაც.
- ხომ არ ნანობთ, რომ თავის დროზე არ მიეცით შესაძლებლობა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას, თქვენი კომიტეტის სხდომებზე დეპუტატების შეკითხვებისთვის ეპასუხა? მან თქვა, რომ "რიგი გადაწყვეტილებები არ იყო ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული და პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო მმართველი გუნდისთვის". შესაძლოა, ის ფოთის პორტის თემაზე საინტერესო ინფორმაციას ფლობს...
- ქობულიას საკომიტეტო მოსმენაზე მოუწვევლობას არ ვნანობ, რადგან იქ საკითხი სხვაგვარად იდგა - მას ან ყველაფერი უნდა ეთქვა თითქოსდა იმ ფარული მიზეზის შესახებ, რომელიც მისი თანამდებობიდან წასვლის საბაბი გახდა, ან - არაფერი. მაშინ ვთქვი, თუ ამბობთ, მობრძანდით, მაგრამ თუ არა, მაშინ ამ ყველაფრის შესახებ მე ისედაც ვიცი-მეთქი, კომიტეტს კი პოლიტიკური სპეკულაციების სამიზნედ ვერ ვაქცევდი. მაგრამ ახლა თუ ნათია თურნავა ყველა შეკითხვას არ უპასუხებს, არ გამოვრიცხავ, ამ თემამ ქობულიასკენ გადაინაცვლოს.
- 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, დაისვა საკითხი, რომ თუ სახელმწიფო პორტის ამუშავებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ტვირთბრუნვის რისკებს არ დააზღვევდა, მომავალი ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ გაეცა. როგორც ჩანს, ანაკლიის პორტი ხედავს საფრთხეს ფოთის პორტის ღრმაწყლოვანებაში...
- ეს საფრთხე არსებობს... მე ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს შეკითხვები აუცილებლად დაისმება. თუ კონსორციუმი ამას ითხოვს საფუძვლიანად, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც პოტენციური ტვირთების ნაკადის საფუძველზე კეთდება, მაშინ ეს ხდება არა პორტის გარანტირებული შემოსავლის მიღებისთვის, არამედ ეს არის მინიმალური მოთხოვნა, რომ პროექტი შედგეს. მეორე მხრივ, მაქვს ეჭვი, რომელიც როგორმე უნდა დავადასტურო. აჟიოტაჟი სიტყვა "ღრმაწყლოვანმა" ხომ არ შემოიტანა?! ყოველთვის ვიცოდი, რომ ფოთის პორტის შესაძლებლობები ვერასოდეს შეედრებოდა ანაკლიის პორტის პოტენციალს. ის, შესაძლოა, გაფართოვდეს, მიიღოს სხვა გაბარიტისა და ტევადობის გემები, მაგრამ არა ისეთი, როგორის შესაძლებლობაც ანაკლიის პორტს ექნება. აქ თუ მხოლოდ გაფართოებაა, მაშინ კერძო ინვესტორს ამას ვერ დაუშლი, მეორე მხრივ კი თუ შენ, სახელმწიფო, მეორე პორტის მშენებლობაში დებ ფულს, უნდა დაფიქრდე, რომ ის წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს. თუ ეს გაფართოება ხელს შეუშლის შენს მხარდაჭერილ პროექტს, სწორედ ასე მოხდება.
- ამ თემებთან დაკავშირებით არაერთხელ დასახელდნენ გავლენიანი ბიზნესმენები თუ ოდიოზური ფიგურები. ითქვა, რომ ფოთის პორტში ინტერესები აქვთ ვანო ჩხარტიშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს. თქვენ გამორიცხავთ, რომ რაც ხდება, ჩრდილოვანი გავლენების შედეგი იყოს?
- როცა ასეთ ადამიანებზეა ლაპარაკი, მათ მიმართ ნაკლები პრეტენზია მაქვს. არა იმიტომ, რომ არ ვიცი, რა არის ოქროს სტანდარტი, არამედ იმიტომ, რომ თუნდაც სხვა ძალის ხელში უკეთესის პერსპექტივა არ ჩანს. ამ თემების განხილვისას ჩვენ მივდივართ საკითხამდე, რასაც ჰქვია არაფორმალური მმართველობა. ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არ არის კლასიკური არაფორმალური მმართველობის სტილი, რადგან მას, ვისაც არაფორმალურ მმართველს ეძახი, ერთი სული აქვს, როდის ჩამოიცილებს ამ ფუნქციებს.
არაფორმალური მმართველობა ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებული ფორმულა კი არ არის, საზოგადოების დაკვეთაა მის მიმართ. როცა საზოგადოება "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს, ეს მხარდაჭერა სწორედ ივანიშვილს ეკუთვნოდა. ხალხმა იცოდა, რომ ამ ძალას არაფორმალურად ივანიშვილი მართავდა. არაფორმალური სოციალური კონტრაქტი დაიდო ივანიშვილსა და საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელმაც მას 2012 წელს მაშინდელი მმართველი ძალის ხელისუფლებისგან ჩამოშორება სთხოვა, ამიტომ ამ ადამიანმა განაგრძო მართვა ისე, როგორც შეძლო. მაგრამ აქ იყო დაგებული ხაფანგი, რომელმაც კოაბიტაციიდან სულ სხვა მოცემულობაში გადაგვიყვანა და გარდაუვალი გახადა ორმაგი სტანდარტის არსებობა. კოაბიტაციამ დააწესა დემოკრატიის ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნდა, მაგრამ ვინც კოაბიტაცია შემოგვთავაზა, მან "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაციის შანსი დატოვა. სწორედ მაშინ, როცა საცნაური გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ადვილად არ აპირებს პოზიციების დათმობას, დაიდო ის სოციალური კონტრაქტი საზოგადოებასა და ივანიშვილს შორის. რადგან ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, კოაბიტაციის დარი დემოკრატიობანა გვეთამაშა, ხალხმა ივანიშვილს უთხრა, ოღონდ შენ რასაც შეგვპირდი, ის გააკეთე და ჩვენ არ ჩაგაცივდებით, რა ინსტრუმენტები დაგჭირდება ამისთვისო.
თუ ორმაგი სტანდარტით გიწევს ცხოვრება, ძალიან მნიშვნელოვანია, გააკონტროლო, რომ ფინანსური ნაკადი არ წავიდეს იმ საშიშროებისკენ, რომელიც ხელისუფლებას ჩამოაშორე. მოსამართლეების თემაც ამ ორმაგი სტანდარტის ნაწილია. ახლა ვიღაცები ამბობენ, ეს კი დაგიკვეთეთ, მაგრამ კარგი ტიპებიც გვინდა ვიყოთო, არადა, ეს ორი რამ ერთად არ გამოდის. რატომ აღმოვჩნდით ამ ჩიხში? იმიტომ, რომ ყველაფერი, რითიც ქვეყანა იმართება, ზედაპირზე არ ჩანს. ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ საფრთხე, რომლის გამოც ეს ორმაგი სტანდარტი დაუშვეს, რეალურია და კვლავ არსებობს, მაშინ ის უნდა გავიტანოთ პოლიტიკური სივრციდან. უამისოდ ორმაგი სტანდარტისგან ვერასდროს გათავისუფლდები. თუ ვაღიარებთ, რომ ეს საფრთხე მაინც არსებობს, მაგრამ ორმაგი სტანდარტის გარეშე გვინდა ვებრძოლოთ, ეს უკვე იმ მესამე ძალის ასპარეზია, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს.