ვინ არის და რა ქონებას ფლობს ყოფილი სახელმწიფო მოხელე, რომელიც საქართველოში რუსული ენერგოკომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს

საქართველოში რუსული ენერგო კომპანიის „ინტერ რაოს“ წარმომადგენლობა შპს „ინტერ რაო საქართველო“ დაფუძნდა.

რეესტრის მონაცემებით, კომპანია მიმდინარე წლის 21 მაისს დარეგისტრირდა. მისი 50.01%-იანი წილი - „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი. ვის“, 49.99%-იანი წილი კი „ევგ ჰოლდინგს“ ეკუთვნის.

ამასთან, რეესტრის მონაცემებით, „ინტერ რაო საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი რუსეთის მოქალაქე ალექსანდრა პანინაა; საბჭოს კიდევ ორი წევრი - ანატოლი მარკოვი, ანნა კაშუბა, ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან; ერთი წევრი ბელგიის მოქალაქე ედუარდ იურევიჩ სურლევიჩი, ხოლო ერთი წევრი და ასევე კომპანიის დირექტორი ვახტანგ ამბოკაძეა, რომელიც მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ამბოკაძე, რომელიც ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად საჯარო მოხელედ ითვლებოდა ქვეყანაში.

2019 წლის 25 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ესკოს დირექტორის პოზიციაზე ამბოკაძის შემოსავალმა გასულ წელს 131 200 ლარი შეადგინა.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ ამბოკაძე ფლობს 115 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს 150 000 ლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 2 850 ლარი და 6 580 დოლარი ჰქონდა. მასვე 150 000 ლარის მოცულობის საბანკო კრედიტიც ჰქონდა, რომლის შედეგადაც გასავალმა წინა წელს 29 730 ლარი შეადგინა. ამასთან, შვილის სწავლის საფასურის სახით მისი გასავალი 3 600 ლარი იყო.

ცნობისთვის, რუსული მსხვილი კომპანია "ინტერ რაო", რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან წილს ფლობს. "ინტერ რაოს" ეკუთვნის თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორის, სს "თელასის" 75%. ასევე, მის საკუთრებაშია თბოსადგური შპს "მტკვარი ენერგეტიკა", რომლის მთავარი საქმიანობა ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. ასევე "ინტერ რაოს" საკუთრებაა ჰიდროელექტროსადგურები "ხრამჰესი 1" და ხრამჰესი 2".

თაია არდოტელი