თუ რაიმე დაბრკოლება არსებობს ბიზნესის კეთების კუთხით და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ არსებობს გარკვეული ბარიერები, დაბრკოლებები, ეს ყველაფერი არის გადალახვადი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ავსტრიის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონსულტაციები კიდევ შედგება, რომელიც ქვეყანას ბიზნესის კეთების კუთხით ვითარების შემდგომი გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
„თვითონ განცხადება არ მინახავს, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. თუმცა, რაც შეეხება ბიზნესის კეთების სიმარტივეს, აქ არსებობს ზოგადი მაჩვენებლები. იცით, რომ მე-6 ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეები არ არსებობს. არის სირთულეები. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. პარლამენტსაც აქვს მჭიდრო კავშირი ბიზნესმენებთან და შესაბამისად, ვიღებთ ინფორმაციას მათგან. თუ რაიმე დაბრკოლება არსებობს ბიზნესის კეთების კუთხით და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ არსებობს გარკვეული ბარიერები, დაბრკოლებები, ეს ყველაფერი არის გადალახვადი. მზად ვართ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის. აბსოლუტურად გახსნილია პარლამენტი და ბიზნესთან გვაქვს მჭიდრო კავშირი და შესაბამისად, კიდევ ერთხელ შედგება ნებისმიერი ტიპის კონსულტაცია, რომელიც მოგვცემს ბიზნესის კეთების კუთხით ვითარების შემდგომი გაუმჯობესების საშუალებას“, -განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. როგორც მან აღნიშნა - „მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება“.