მთავრობის მხრიდან განცხადებებს რომ სარწმუნოობა მოემატოს, საჭიროა ანაკლიის პორტის თემაზე კონსტიტუციით გათვალისწინებული სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა და აქამდეც უნდა განხორციელებულიყო.
„კარგია და მისასალმებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც და შს მინისტრი ასეთ მიდგომას გამოხატავენ ანაკლიის პორტის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან ამ საკითხის უსაფრთხოების კუთხიდან დანახვა. თუმცა ამავე დროს, იმისათვის, რათა ამ მიდგომებს სარწმუნოობა მოემატოს, საჭიროა კონსტიტუციით გათვალისწინებული სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება. ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა და აქამდეც უნდა განხორციელებულიყო. ამიტომ ამ კანონის მიღება ახლა ძალიან საჭირო და სასწრაფოა, ეს აღადგენს პროცესისადმი ინვესტორებისა და ბანკების რწმენას და მთავრობის მიმართაც ბევრი კითხვაც აღარ გაჩნდება“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ კანონის პროექტზე სამუშაო ჯგუფში შევლენ როგორც მთავრობის მიერ დაქირავებული იურისტები, ისე კონსორციუმისა და ინვესტორების წარმომადგენლები, რათა პროცესი გამჭვირვალე და ეფექტური იყოს.