კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, კომპანია 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და ამასთან, GWP თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.
„დღეს, 3 ივნისს, გამთენიისას საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. GWP აღნიშნულ ქუჩაზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მგალობლიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ტექნიკური სამუშაობის პარალელურად, კომპანია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს ადგენს. GWP თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.
მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 4 ივნისს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ამ მომენტში, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, საბურთალოს რაიონში: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს;
სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, -აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე 900 მმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური მილი დაზიანდა, რამაც მიწის ჩავარდნა გამოიწვია და ადგილზე მდგომი ორი ავტომობილი ჩაიყოლა.