არაფერი არ გამოვა, თუ რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობა არ გადავიტანეთ მომხმარებელზეც, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავამ გაზის აფეთქებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში სემეკ-ის თავმჯდომარეს უსმენენ, რომელიც სემეკ-ის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.
ირინა მილორავას ინფორმაციით, სემეკ-ის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით, მომხმარებლის პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს. პაკეტი მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი მუხლების გაწერას.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ გაზის აფეთქებასთან დაკავშირებით. მოვამზადეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. ეს არის დაახლოებით, 9 დოკუმენტში ცვლილება. არაფერი არ გამოვა, თუ რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობა არ გადავიტანეთ მომხმარებელზეც. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, მომხმარებლის უგულისყურობით ძალიან ცუდი შემთხვევები გვქონდა, როდესაც კორპუსები გადარჩა აფეთქებას. ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი მუხლები იქნება გაწერილი და გამკაცრდება მომხმარებლის პასუხისმგებლობა. ასევე, ტექნიკურ რეგლამენტებში შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი. მოკლედ, მომზადებულია 9 დოკუმენტში ცვლილება, გადაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში იმდენად, რამდენადაც არც ერთი დოკუმენტი არ არის მარეგულირებელი კომისიის დოკუმენტში ცვლილება. ეს არის ძირითადად, ტექნიკური რეგლამენტები, კანონში ცვლილება და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები. თვითონ ეკონომიკის სამინისტრომ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, კიდევ ერთხელ გაიარა ეს ყველაფერი კომპანიებთან და ამ ეტაპზე დაგზავნილია საბოლოო შენიშვნების მისაღებად. ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდება პარლამენტში,“ - განაცხადა ირინა მილორავამ.