საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. 2018 წელს 2016 წელთან შედარებით ზრდამ 215% შეადგინა. თუ 2016 წელს ქვეყანამ 478.9 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 1508.8 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, მართალია, 2016 წელთან შედარებით, 2018 წელს ჩრდილოეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა შემცირდა, თუმცა 2019 წლის 4 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 318%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის 4 თვეში საქართველომ რუსეთიდან 17.8 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2019 წლის 4 თვეში კი უკვე 74.4 მლნ.კვტ.სთ. მთლიანად იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელმა კი წელს 4 თვეში 613.9 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც მთლიანი მოხმარების 14%-ია. (წყარო - ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი- ესკო)
იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა
ელექტროენერგიის იმპორტის ზრდაზე განცხადება გააკეთა სემეკის თავმჯდომარემ. ირინა მილორავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებულების ზრდის ტენდენცია შემცირდეს.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის იმპორტდამოკიდებულების ზრდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმპორტი არის გაზრდილი თითქმის სამჯერ. ეს დამოკიდებულება ცალსახად უნდა შემცირდეს და ეს უნდა შემცირდეს ადგილობრივი გენერაციის განვითარების ხარჯზე. ადგილობრივი გენერაცია სამწუხაროდ არ ვითარდება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება მოხმარება. შესაბამისად, მომდევნო წლებში ეს უნდა იყოს სექტორისთვის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირინა მილორავამ.