ფშავში, უკანა ფშავში, პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტსა და გუდამაყარში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება

ფშავში, უკანა ფშავში, პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტსა და გუდამაყრის ხეობებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ინტერნეტსაზოგადოებისა (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით, დაიწყო ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტისა და გუდამაყრის ხეობები.

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის ნაწილი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე − პირიქითა ხევსურეთისა და არდოტის, უკანა ფშავისა და გუდამაყრის ხეობები. ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის, 4 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე)“, - აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც პარლამენტში შევიდა.