პრემიერ-მინისტრის მოხსენების თანახმად, 2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 1.2 %-ით შემცირდა

გასულ წელს ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, - ამის შესახებ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ასევე, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მცირდება.

„2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილთა რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება. ეს წინა წელთან შედარებით 24.5 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში. 2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მთავრობის მეთაურის მოხსენებაში საუბარია, ასევე პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისა და მათი განხორციელების შედეგად, სამუშაო ადგილების რაოდენობაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში, 2018 წლის განმავლობაში სულ მხარდაჭერილია 1008 პროექტი, რომელთა განხორციელების შედეგად, შეიქმნება 10,770-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 2019 წელს, მარტის მდგომარეობით კი, მხარდაჭერილ იქნა 23 პროექტი, რაც დამატებით 1,300-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.