მექსიკის მაღალი დონის დელეგაცია დღეს აშშ-სთან მოლაპარაკებებს იწყებს, რათა თავიდან აიცილოს ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდა ამერიკაში შეტანილ საქონელზე. ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ამერიკა მექსიკისგან ითხოვს მეტ ძალისხმევას ამერიკაში იმიგრაციის შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კვირის ბოლოს დაწესდება 5- პროცენტიანი ტარიფი და სექტემბრისთვის ის ნელ-ნელა 25 პროცენტს მიაღწევს. დღეს მოლაპარაკებებს ვაშინგტონში დაიწყებს მექსიკის ეკონომიკის მინისტრი გრასიელა მარკესი და შემდეგ დიალოგში შეიძლება ჩაერთოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდიც. მარკესი ჯერ შეხვდება ვაჭრობის მინისტრ უილბურ როსს, შემდეგ კი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.
მიმომხილველების აზრით, მექსიკელებს გაუჭირდებათ აშშ-ის ადმინისტრაციის დარწმუნება იმაში, რომ ისედაც საკმარისს აკეთებენ არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად.