ჩვენი მიზანია, საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობით, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში სტუდენტებს და ზოგადად, მომავალ თაობას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება.
ივანე მაჭავარიანის თქმითვე, ქვეყნის წინსვლა, მოქალაქეთა კეთილდღეობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობა, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, უპირველესად ცოდნას უნდა დაეფუძნოს.
„ახალგაზრდობის ინტელექტის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენება - ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევის უმთავრესი წინაპირობაა. მით უფრო, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ცოდნისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე გვაყენებს,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სფეროთა მუდმივი სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.