ტემპერატურის მატების პარალელურად საცურაო აუზებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ღია აუზების სეზონი ოფიციალურად 15 ივნისიდან იწყება, თბილისში მდებარე კომპლექსების ნაწილმა მუშაობა უკვე 1-ლი ივნისიდან განაახლა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სიახლეებს სთავზობენ წელს მომხმარებლებს თბილისის საცურაო აუზები და ამასთან, როგორია მომსახურების ღირებულება.
კომპლექსების უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე ფასი არ გაზდილა. ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, გარკვეული სერვისები და პაკეტები დაემატა.
კერძოდ, „ჯინო ფერედაისის“ ვიზიტორებს 15 ივნისიდან ილუზიების მუზეუმი და კიდევ ერთი, განსხვავებული აუზი დახვდებათ, სადაც რუჯის მოყვარულებისთვის შეზლონგები წყალში განთავსდება.
„ჯინოში“ სეზონი 1-ელ ივნისს უკვე გაიხსნა, თუმცა 8 ივნისს გვექნება კიდევ ერთი საზეიმო ცერემონია, სადაც უამრავი გასართობი აქტივობა ელოდება ჩვენს სტუმრებს. რაც შეეხება ფასებს, არ გაგვიზრდია. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ სტუმრების დიდ დაინტერესებას ჩვენი აკვაპარკის მიმართ და რამდენიმე სერვისი დავამატეთ. კერძოდ, გვემატება ახალი აუზი ბარით და პანორამული ხედით თბილისი ზღვაზე. აუზის სიღრმე 1, 80 მეტრია და ბარიც იქვეა განთავსებული. ეს არის ქალაქის მასშტაბით უნიკალური აუზი, რადგან მის კიბეზე, 15 სანტიმეტრი სიღრმის წყალში, რუჯის მოყვარულებისთვის შეზლონგები განთავსდება, რათა წყლის და მზის საშულებით ძალიან სწრაფად მიიღონ რუჯი.
ასევე სულ რამდენიმე დღეა დავამატეთ „ბირ პონგი“, ეს არის თამაში პინგ-პონგის ბურთებითა და ლუდის ჭიქებით, რომელიც ძალიან საინტერესო აქტივობა გამოდგა ზრდასრულებისთვის.
თუმცა, მთავარი ამბავი, რაც წლევანდელ სეზონს შარშანდელისგან განასხვავებს, არის ის, რომ განსაკუთრებული თამაშები და აქტივობები გვექნება ბავშვებითვის და დიდებისთვის. მათ შორის არის რამდენიმე სახალისო გადასაღები სივრცე. კერძოდ, ახალ აუზთან და ბართან ერთად, 15 ივნისს ჩვენს სივრცეში გაიხსნება ილუზიების მუზეუმი, სადაც სტუმრებს ძალიან საინტერესო ფოტოების გადაღება შეეძლებათ“,-აცხადებენ „ჯინო ფერედაისში“.
მათივე ინფორმაციით, კომპლექსს დღის განმავლობაში 3500 სტუმრის მიღება შეუძლია. ამასთან, ტერიტორიის მიმდებარედ გამოყოფილია საპაკინგე სივრცე 2700 ავტომობილისთვის.
„ჯამში გვექნება 10 აუზი, 500-მდე ატრაქცია, ღია და დახურული საბავშვო სივრცეები. გვაქვს იოგა, აერობიკა და ბავშვთა ისეთი თამაშები, რომელშიც ჩართულები არიან ბავშვთა ფსიქოლოგები და სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ამ აქტივობებს.
რაც შეეხება ფასებს, აკვა პარკის ღირებულება სამუშაო დღებში 30 ლარია, შაბათ-კვირას 40 ლარი. ხოლო 6 წლამდე ბავშვების შემოსვლა უფასოა.
ასევე გვაქვს საოჯახო პაკეტებიც, რომელზეც ამ ეტაპზე მოქმედებს ფასდაკლება. ველნესი, რომელიც გულისხმობს საუნებს, ღირს სამუშაო დღეებში 45 ლარი (ერთ პერსონაზე), შაბათ-კვრას - 65 ლარი. რაც შეეხება სრული კომპლექსის ღირებულებას, სამუშაო დღეებში 60 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 80 ლარია. ასევე გვაქვს ველნესი წყვილებისთვის, რომლის ღირებულება სამუშაო დღეებში 100 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 130 ლარია“,-აცხადებენ ჯინო ფერედაისში.
თბილისის ზღვის კლუბშიც აცხადებენ, რომ მომსახურების საფასური არც მათთან გაზრდილა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე შესვლა კვლავ 20 ლარი ღირს, თუმცა ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასხვავებული საფასო პოლიტიკა ამოქმედდა.
„ტერიტორიაზე შემოსვლა შარშანდელის მსგავსად კვლავ 20 ლარი ღირს. თუმცა საფასო პოლიტიკა გარკვეულწილად შევცვალეთ. წელს, 3 წლამდე ბავშვი უფასოა, 3-დან 13 წლამდე 10 ლარი ღირს, ხოლო 13 წლიდან ზევით - 20 ლარი. ფასების გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
რაც შეხება სხვა სიახლეებს, კვების კიდევ ერთი ობიექტი დავამატეთ. გასულ სეზონზე სულ 2 კაფე მუშაობდა“,- აცხადებენ თბილისის ზღვის კლუბში.
„ვაკის საცურაო აუზში“ აცხადებენ, რომ წელს ტარიფების მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება. რაც შეეხება სიახლეებს, ეს ძირითადად მომსახურების პაკეტებს შეეხება, რომლის ღირებულებაც 180 ლარიდან იწყება.
მათივე ინფორმაციით, აუზის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს შემდეგი ჯგუფები: იოგა, კრივი, პილატესი, GODY WORKOUT, SLT და სხვა, რომელთა 1 თვიანი აბონემენების ფასები 150 -180 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება ვაკის აუზის სხვა სერვისებს, მოიცავს ორ სატრენაჟორო დარბაზს, ფინურ და ორთქლის საუნებს, ჯაკუზებს, სამასაჟო ოთახებს, მაგიდის ტენისს, კაფე-ბარს, სილამაზის სალონს, სპორტული ინვენტარის მაღაზიას და აშ.
იხილეთ რას სთავაზობს საცურაო აუზები მომხმარებელს