საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ს.ი-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ავტომობილის პლასტმასის საკუთვნო, ე.წ. „ავტომობილის საწვიმრები, „ვეტრავიკი“ (576 ცალი) აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
„არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლის მიზანი, საქართველოში ავტომობილის დატვირთვა და რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა საქონლის გატანა იყო“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4 600 ლარის ოდენობით შეეფარდა.