საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, კერძოდ, გამოწერილი იქნა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 17 885 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურ გაწევაზე, რითაც ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო 2 728 220 ლარის ოდენობის ყალბი ჩათვლა.

„ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.